როგორი იქნება Hyatt-ს პირველი სასტუმრო საქართველოში (+ფოტო)

„ჰაიატი“ საქართველოში სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას propertygeorgia ავრცელებს.

მათივე ცნობით, პანდემიის დაწყების შემდეგ ეს საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის საქართველოში შემოსვლის პირველი შემთხვევაა. კომპანია „ჰაიატმა" შპს „ალიანს სიტისთან“ მართვის ხელშეკრულება გააფორმა.

ხელშეკრულება ბათუმში სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ის მშენებლობას ითვალისწინებს. 180-ნომრიან სასტუმროში, რომლის გახსნაც 2025 წლისთვის იგეგმება, განთავსებული იქნება 14 ლუქსი, რესტორანი, ლობი-ბარი, ფიტნეს-ცენტრი და სპა, ასევე 550 კვ.მ. ფართობის საღონისძიებო სივრცე. Hyatt Centric-ის ბრენდი პირველად შემოდის საქართველოში, ევროპის მასშტაბით კი ეს მისი მეცხრე ობიექტი იქნება.

Hyatt Centric Boulevard Batumi განთავსდება ქალაქის ცენტრალური ქუჩის - რუსთაველის გამზირის დასაწყისში, სადაც ის შავი ზღვის სანაპიროს გადაჰყურებს. სასტუმრო განთავსდება მრავალფუნქციურ კომპლექსში „ალიანს ცენტროპოლისი“, რომელიც აერთიანებს აპარტამენტებს, კომერციულ და სავაჭრო სივრცეებს და ბათუმის „მსოფლიო სავაჭრო ცენტრს“.

„ჩვენი მიზანია „ჰაიატის“ ბრენდის განვითარება იმ ლოკაციებში, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი სტუმრებისთვის, ჩვენი ლოიალობის პროგრამის წევრებისთვის, მომხმარებლებისთვის და მფლობელებისთვის. შპს "ალიანს სიტისთან" თანამშრომლობით, Hyatt Centric-ის ბრენდს წარმოვადგენთ პოპულარულ ზღვისპირა კურორტ ბათუმში. ამით ჩვენ ვაგრძელებთ ევროპის მასშტაბით „ჰაიატის“ ბრენდის გაფართოებას“, განაცხადა „ჰაიატის“ ევროპისა და აფრიკის რეგიონებში განვითარების ვიცე პრეზიდენტმა ტაკუია აოიამამ. „ბათუმი არის მიმზიდველი ტურისტული მიმართულება უნიკალური კულტურით. ჩვენ აქ ველით მოგზაურებს, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან ქალაქის აღმოჩენით“.

Hyatt Hotels Corporation - სასტუმროების წამყვანი გლობალური კომპანიაა, რომელიც პრემიუმ კატეგორიის 20 ბრენდს აერთიანებს. 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, კომპანიის პორტფელი მოიცავს 950-ზე მეტ სასტუმროსა და ველნესის ობიექტს მსოფლიოს 67 ქვეყანაში.

haiat5-1611821013.jpghaiat3-1611821004.pnghaiat3-1611820992.jpghaiat2-1611820981.jpg

თაია არდოტელი