ლევან სილაგავას განცხადებით, მთავრობა ფქვილს რომ არ ასუბსიდირებდეს, პური 15-20 თეთრით გაძვირდებოდა

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" თავმჯდომარის ლევან სილაგავას განცხადებით, მთავრობა ფქვილს რომ არ ასუბსიდირებდეს, პური 15-20 თეთრით გაძვირდებოდა.

ლევან სილაგავას თქმით, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასების მიმართულებით დაძაბული მდგომარეობაა.

„დღევანდელი რეალობა ისაა, რომ სულ რაღაც 15 დღეში რუსეთი კვოტირების ფარგლებში შემოიღებს 25 ევროს საბაჟოს გადასახადს და 1-ლი მარტიდან, ეს უკვე 50 ევრო იქნება. გარკვეული რაოდენობა შემოტანილი გვაქვს, თუმცა დღესაც მიმდინარეობს დაძაბული მუშაობა, რომ ამ საბაჟო ტარიფებმა არ იმოქმედოს და მოესწროს გარკვეული რაოდენობის ხორბლის მარაგების შემოტანა. ამასთან, ზოგადად მსოფლიოში დაძაბული მდგომარეობაა, თუ სექტემბერში 200 დოლარად შემოგვქონდა ხორბალი, დღეს 300 დოლარად შემოგვაქვს. ეს გაძვირება გადავიდა ფქვილში და უნდა გადასულიყო პურში. სუბსიდირების პროგრამა რომ არ მუშაობდეს, პურის დღევანდელი ფასი 15-20 თეთრით მეტი იქნებოდა“,-აღნიშნა სილაგავამ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს, რისთვისაც საერთო ჯამში 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამა 2020 წლის დეკემბერში დაიწყო და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამასთან, მთავრობამ 1 ტომარა ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა გაზარდა. კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, სუბსიდიის მოცულობა ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე 10 ლარის ნაცვლად, არაუმეტეს 15 ლარით განისაზღვრა.