Boeing-მა 2020 წელს 12 მილიარდი დოლარით იზარალა

ამერიკულმა ავიამწარმოებელმა კომპანიამ Boeing 2020 წლის ანგარიშის მიხედვით 11,9 მილიარდი დოლარით იზარალა, რაც კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კომპანიის დანაკარგებმა მეოთხე კვარტალში 8,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო შემოსავლებმა 15,3 მილიარდი დოლარი. 2020 წლის შედეგებით კომპანიამ 58,2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო დაკარგა 11,9 მილიარდი.

Boeing-ის თავკაცის დევიდ კელხუნის თქმით, წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა სერიოზულ „სოციალურ ძვრებს“, რომლებმაც შეაფერხეს დარგის განვითარება.

„კორონავირუსის პანდემია და ამის პარალელურად Boeing 737 MAX-ის ექსპლუატაციის შეწყვეტამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს ჩვენს შედეგებზე“, - დასძინა მან.

განცხადებაში ასევე წერია, რომ კომპანია აპირებს ახალი თვითმფრინავების 777X-ის მიწოდებას 2023 წლიდან. მისი პირველი საცდელი ფრენა ვაშინგტონში 2020 წელს ჩატარდა.

კოკა კვირკველია