პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, იმ ქვეყნებმა, რომელთაც მაღალი ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდათ, იმაზე მეტი ვაქცინა შეუკვეთეს, ვიდრე სჭირდებოდათ და მალტის შემთხვევა სიახლე არაა.
როგორც სერგეენკომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, ზოგადად, ქვეყნებს შორის ვაქცინის განაწილება არასამართლიანი იყო.
„ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც მუდმივად უსვამს ხაზს. ქვეყნებმა, რომლებსაც ძალიან მაღალი ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდათ, იმაზე მეტი რაოდენობის ვაქცინა შეუკვეთეს, ვიდრე სჭირდებოდათ. მათთან მოლაპარაკებები მაშინვე დაიწყო - როგორც პირდაპირი მოლაპარაკებები, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გავლით. ასე რომ, მალტის შემთხვევა სიახლე არაა“, - განაცხადა სერგეენკომ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას წინადადებით მიმართავს. როგორც სოციალურ ქსელში "ფეისბუქი" სააკაშვილი წერს, მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა და მიიღო გადაწყვეტილება, ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში შედის საქართველო.
სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, რომ მიმართოს მალტას და უსასყიდლოდ მიიღოს ვაქცინა.