საქართველოში წყლის საფასურის გადახდა ძირითადად სულადობრივი ტარიფით ხდება, მაშინ, როდესაც ევროპაში და მათ შორის, მეზობელ ქვეყნებშიც კი მოსახლეობა იმდენს იხდის, რამდენსაც მოიხმარს.
ამ ქვეყნებში აბონენტების უდიდესი უმრავლესობა გამრიცხველიანებულია, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს წყალი და რა პრინციპით იხდიან მომხმარებლები წყლის გადასახადს საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში.
საქართველო
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში წყლისა და ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა. იანვრიდან თბილისში “ჯივიპის“ გამრიცხველიანებული მომხმარებლის საყოფაცხოვრებო ტარიფი 33 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზარდა, ვისაც მრიცხველი არ უყენია და სულადობრივად იხდის, მათთვის ტარიფი 3.9 ლარიდან 4.5 ლარამდე გაიზარდა. არასაყოფაცხოვრებო ტარიფი გაიზარდა 4.4 ლარიდან 6.5 ლარამდე.
რაც შეეხება შპს „რუსთავის წყალს“, გამრიცხველიანებული მომხმარებლის საყოფაცხოვრებო ტარიფი 40 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზარდა. გაუმრიცხველიანებული მომხარებლებისთვის ტარიფი 2.2 ლარის ნაცვლად დაახლოებით 3 ლარი გახდა.
რუსეთი
რუსეთში წყლის საფასურს მრიცხველების ჩვენებით ითვლიან. 2021 წელს მოსახლეობისთვის სასმელი წყლის ერთი კუბური მეტრის ფასი (წყალანირებთან ერთად) საშუალოდ 73,2 რუბლს შეადგენს (3,14 ლარი). თუმცა არის რეგიონები რუსეთში, სადაც 1კბ/მ წყალი უფრო ნაკლები ღირს, მაგალითად, მოსკოვში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის ორგანიზაციებისთვის ერთი კუბური მეტრი სასმელი წყალი 46,92 რუბლია (დაახლოებით 2 ლარი). დედაქალაქს გარეთ დასახლებული პუქტებისთვის წყლის ტარიფი ნაკლებია. ერთი კუბური მეტრის ფასი 25,45 -დან 35,75 რუბლამდე მერყეობს. (1.11 - 1.56 ლარი).
განსხვავებულია ტარიფი ცხელ წყალზე, რომლიც ბოლო დროს 2.1% -ით გაძვირდა. ერთი კუბური მეტრის ფასი 109,10-დან 112,81 რუბლამდე მერყეობს. (4.75 - 4.92 ლარი).
სომხეთი
სომხეთის საზოგადოებრივი სერვისების მარეგულირებელმა კომისიამ (PSRC) 2021 წლისთვის წყლის ტარიფების შესახებ კომპანია Veolia Jur -ის განცხადება განსახილველად მიიღო. სამსჯელოც ბევრი არაფერია, რადგან PSRC -მა უკვე დაადასტურა, რომ სომხეთში 2021 წელს კომუნალური გადასახადების ზრდა არ იგეგმება. ტარიფები იგივე დარჩა, რაც 2020 წელს იყო.
სომხეთში ამ დროისთვის მოქმედებს შემდეგი ტარიფები:
საცალო მომხმარებლებისთვის 1 კუბური მეტრი წყალი (დღგ-ს ჩათვლით) 153 დრამი (0,98 ლარი) ღირს.
საცალო სადრენაჟო მომსახურებისათვის - 27 დრამი (0,17 ლარი).
საბითუმო მომსახურებისათვის სასმელი წყლის ღირებულება 1 კუბურ მეტრზე 26 (0,17 ლარი) დრამს შეადგენს.
საბითუმო სანიაღვრე მომსახურებისთვის - 18 დრამი (0,11 ლარი).
"კარენ დემირჩიანის სახელობის ერევნის მეტროსთვის" მიწისქვეშა წყლების სანიაღვრე სისტემის მომსახურების ტარიფი კუბურ მეტრზე 11,031 დრამია. (0,70 თეთრზე ცოტა მეტი).
კომპანია "Veolia Jur" CJSC ერევნისა და სომხეთის რეგიონებში წყალმომარაგებისა და დრენაჟის ერთადერთი ოპერატორია.
აზერბაიჯანი
როგორც საინფორმაციო სააგენტოები წერენ, აზერბაიჯანი სასმელი წყლის კრიზისს ებრძვის. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯერ კიდევ გასულ წელს ბაქოს მკვიდრებმა სახლის სახურავებზე წყლის ავზების დამონტაჟება კვლავ დაიწყეს. მიზეზი სასმელი წყლის დეფიციტის შიშია.
შეგახსენებთ, რომ წყლის ავზები ბაქოს მერიის თანამშრომლებმა 2019 წლის ბოლოს დაანგრიეს.
მთავრობა მოსახლეობას წყლის დაზოგვისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ტარიფიც გაიზარდოს.
ერთი კუბური მეტრის ღირებულება, 2016 წელს დამტკიცებული ტარიფების მიხედვით, 0,35 მანეთია (0,68 ლარი). ტარიფი დღემდე მოქმედებს, თუმცა არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანამ წყლის დიფერენცირებული გადასახადები შემოიღოს.
მაგალითად: საშუალოდ, თითოეულმა აბონენტმა თვეში ხუთი კუბური მეტრი წყლის დახარჯვის შემთხვევაში, მეტი გადაიხადოს.
მსგავსი დიფერენცირებული გადასახადი ორი წლის განმავლობაში გამოიყენება რესპუბლიკის მოსახლეობის ელექტროენერგიისა და გაზის მომარაგების სისტემაში.
თურქეთი
სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, თურქეთში კომუნალური ტარიფები იაფია. თურქეთში ცხელი წყლით ცენტრალიზებული მომარაგება არ არის. ყველა ბინასა და სახლში დამონტაჟებულია ინდივიდუალური წყლის გამაცხელებლები.
ქალაქ სტამბოლში ერთი კუბური მეტრი სასმელი წყალი 3.55 ლირა (1,58 ლარი) ღირს. ამავე დროს, წყლის 15 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობის მოხმარების შემთხვევაში, ერთეულის ფასი 103% -ით იზრდება და 5,33 ლირას აღწევს.
სხვა ტარიფებია დაწესებული გარეუბნებში. მაგალითად: ერგანის, ბისმილისა და სილვანის რაიონებში 15 კუბური მეტრის ღირებულება 3.5 ლირაა (1,56 ლარი).