„პანდემიის შედეგად, ყველაზე მეტად დაზარალდა ტურიზმის სექტორი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მშპ-ის 8%-ს შეადგენდა, შესაბამისად, ის ეკონომიკის აღდგენის გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა",- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, COVID-19 არა მხოლოდ გლობალური პანდემია და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევაა - მან ასევე მძიმედ დააზიანა გლობალური ეკონომიკა.
„ჩვენ მოწმენი ვართ შემოსავლების უპრეცენდენტო შემცირების, უმუშევრობის ზრდისა და მნიშვნელოვანი ინდუსტრიების შესუსტების. თქვენი ქვეყნების მსგავსად, საქართველოს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს შეაკავოს პანდემია და სწრაფად აღადგინოს ეკონომიკური სტაბილურობა. პანდემიის შედეგად, ყველაზე მეტად დაზარალდა ტურიზმის სექტორი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მშპ-ის 8%-ს შეადგენდა, შესაბამისად, ის ეკონომიკის აღდგენის გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ვაქცინაცია გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენი ეკონომიკის უსაფრთხო და სწრაფი აღდგენის სტრატეგიაში“,- განაცხადა დეპუტატმა.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.