იმედი მაქვს, რომ “კოვაქს პლატფორმაზე“ წარმოდგენილ ქვეყნებს შორის საქართველო პირველი იქნება, რომელიც მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აღიარების ვაქცინას მიიღებს - ეს პერიოდი პირველი კვარტლის ბოლო იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
რაც შეეხება დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, როგორც ხუნდაძემ განმარტა, პრევენციული ღონისძიებები მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ ეს შეზღუდვები რაც შეიძლება სწრაფად მოიხსნას.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაჩქარევი, მოუმზადებელი და არათანმიმდევრული გადაწყვეტილებების შედეგად შეიძლება მივიღოთ ის, რომ მოკლევადიანად გავხსნათ და შემდეგ უფრო გრძელვადიანი შეზღუდვების დაწესების საჭიროება დადგას. მე ადამიანების, მცირე, საშუალო თუ დიდი ბიზნესჯგუფების მესმის. ეკონომიკურად ეს სიმძიმე მთელს მსოფლიოში სახეზეა, მაგრამ არ მესმის პოლიტიკური ჯგუფების, როცა ამ პროცესს ნეგატიური, დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებენ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
პარლამენტმა, მესამე მოსმენით, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით, “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მიიღო.
ცვლილებების პროექტით, პროფილაქტიკური აცრისთვის ან მკურნალობისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანისას, როდესაც ფარმაცევტულ პროდუქტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან მინიჭებული აქვს ავტორიზაცია ან პრეკვალიფიკაცია, ამ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების შედეგად შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზიანზე პასუხისმგებელია იმპორტიორი, სამედიცინო პერსონალი, სამედიცინო დაწესებულება, ან პროდუქტის მწარმოებელი, მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.