პრაქტიკულად ახალ ეტაპზე გადავდივართ სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი განცხადებით, რეფორმირების კუთხით პირველი სახელმწიფო საწარმო სახელმწიფო ელექტროსისტემა იქნება.
„დღეს მთავრობის სხდომაზე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. პრაქტიკულად ახალ ეტაპზე გადავდივართ სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან დაკავშირებით. პირველი ასეთი სახელმწიფო საწარმო ელექტროსისტემა იქნება, რომლის რეფორმირების მოსამზადებელი ეტაპი წელიწად-ნახევრის წინაა დაწყებული. მოხერხდა ამ დღეებში, რომ ეს საწარმო გაკოტრების რეჟიმიდან გამოვიდა, რომელშიც წლებია იმყოფებოდა და ახლა სრულფასოვანი საწარმო იქნება. ახლა ჩვენი ამოცანაა, ჩამოყალიბდეს ისეთი მიმზიდველი და გამჭვირვალე კორპორატიული სტრუქტურა, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ დამოუკიდებლად მოიზიდოს დაფინანსება და დააფინანსოს ის მნიშვნელოვანი მისია, რაც მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაა. დღეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ შეიქმნება საკონკურსო კომისია, რომელიც ღია კონკურსის წესით შეარჩევს კანდიდატებს სამეთვალყურეო საბჭოსთვის. ეს მნიშვნელოვანი დასაწყისია“, - აღნიშნა თურნავამ.
მისივე თქმით, მთავრობა უკვე ახორციელებს პოსტკრიზისულ გეგმას, რისი ნაწილიც სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებაა.
„ჩვენ პრაქტიკულად ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში პოსტკრიზისულ გეგმასაც ვახორციელებთ. დავიწყეთ იმით, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა მიმდინარეობს. ესეც პოსტკრიზისული გეგმის ნაწილია. უახლოეს პერიოდში სხვა ახალი ღონისძიებებიც იქნება დაანონსებული“, - აღნიშნა მან.