ნათია თურნავა არ გამორიცხავს, რომ ბაზრობები დაანონსებულზე ადრე გაიხსნას

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა არ გამორიცხავს, რომ ბაზრობები დაანონსებულზე ადრე გაიხსნას. როგორც მინისტრმა ბაზრობების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ამ დროისთვის ბაზრობების გახსნის თარიღად 15 თებერვალი რჩება, თუმცა ეპიდვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა, თარიღმა გადმოიწიოს.

„დღესდღეობით ბაზრობების გახსნის თარიღად 15 თებერვალია დასახელებული და ეს ნამდვილად ოპტიმიზმის საფუძველია, იმიტომ, რომ გვაქვს სხვა, არანაკლებ დაზარალებული სფეროები, რომლებზეც ჯერ ვერ ვასახელებთ თებერვლის განმავლობაში ასეთ თარიღს, რესტორნები, ზამთრის კურორტები. ვაკვირდებით რა იმას, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება მეტ-ნაკლებად კონტროლირებადია და დადებითობის მაჩვენებელიც უმჯობესდება, არ გამოვრიცხავთ, რომ ერთი კვირის თავზე, თუ ეს ტენდენცია სტაბილურად გაგრძელდება, ბაზრობებისთვის ოპტიმისტური გადაწვეტილება მივიღოთ და ამ თარიღმა უფრო ახლოს გადმოიწიოს, მაგრამ ამაზე დღესდღეობით დარწმუნებით ვერ ვიტყვით. ჩვენ ბაზრობების წარმომადგენლებს ის მეთოდოლოგია ავუხსენით, რომლითაც გუნდი სიტუაციას აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს. ამ საკითხის განხილვას ერთი კვირის თავზე დავუბრუნდებით და მათთვის პერსპექტივა კეთილსაიმედოა, თუკი მომდევნო დღეებში ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გაუარესდა. რა თქმა უნდა, ბოლომდე კმაყოფილები არ არიან, გვესმის მათი პრობლემები, ყველაფერს ვითვალისწინებთ, თუმცა პრიორიტეტი ეპიდემიის მართვაა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

რაც შეეხება კითხვას, როდის გაიხსნება ფიტნეს ცენტრები, მინისტრის თქმით, ჯერჯერობით ფიტნეს ცენტრებისთვის გახსნის თარიღი დასახელებული არაა და ეს უფრო 1-ლი მარტის შემდეგ მოხდება, თუმცა მათ სახელმწიფო ბანკის სესხების სუბსიდირებით დაეხმარება.