ღია ტიპის ბაზრობები, ყველაზე გვიან, 15 თებერვალს გაიხსნება, ამის პირობა ბიზნესმა, საკოორდინაციო წევრებთან შეხვედრისას მიიღო.
,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ,,ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი, გიორგი კვარაცხელია ამბობს, რომ შეხვედრა პოზიტიური იყო და შესაძლოა, ამ დღეებში კიდევ დაახლოვდეს გახსნის თარიღი.
"შეხვედრა იყო ერთმანეთისთვის პრობლემების გასაზიარებლად და მოსაზრებების გასაცვლელად. მათი მხრიდან იყო მოწოდებული ყველა ინფორმაცია რაც გვაინტერესებდა. იყო შიში, რომ ღია ტიპის ბაზრობების გახსნა, შეიძლება ვერ მომხდარიყო ვერც 15 თებერვალს. გვითხრეს, რომ თარიღის გადაწევა გამორიცხულია და უეჭველად გავიხსნებით. შევთანხმდით იმაზე, რომ სწორად და კარგად შევძლებთ ყველაფრის ორგანიზებას, რასაც სახელმწიფო ითხოვს. ასევე, გავიარეთ ტესტირების ტექნიკური დეტალებიც. პირველი ტესტირება მოხდება სახელმწიფოს მხრიდან, შემდეგ ჩვენ ჩვენს თანამშრომლებს გავტესტავთ საკუთარი ხარჯით, ბიზნეს სუბიექტები კი საკუთარს. ეს დაახლოებით საჭირო იქნება 10 კვირაში ერთხელ და ამ ხარჯს აწევს ბიზნესი, მთავარია ფუნქციონირების უფლება მოგვცენ.
შესაძლოა, ამ დღეებში კიდევ დაახლოვდეს გახსნის თარიღი, ეს თუ არ იქნება პირველი თებერვალი, შესაძლოა, რომ იყოს 7-8 რიცხვი. არის ამის განცდა და განწყობა. ჯამში საინტერესო შეხვედრა გვქონდა. მთავარია, ახლა მივიდეთ გახსნამდე. შაბათ-კვირას გახსნა ამ ეტაპზე არ იგეგმება, მაგრამ ყველაფერი ეპიდ სიტუაციასთანაა ბმაში და თუ ინფიცირების მაჩვენებელი დაიწევს, ეს იმედიც არსებობს. არადა, ძალიან მძიმეა მუშაობა უქმე დღეების გარეშე.
არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი. საკოორდინაციო საბჭო ფიქრობს იმ გეგმაზე, რომ მალე დაეწიოს ტრანსპორტის საკითხი ეკონომიკის გახსნას“-ამბობს გიორგი კვარაცხელია.
ცნობისთვის, ღია ტიპის ბაზრობები მოლებთან ერთად 1-ელ თებერვალს უნდა გახსნილიყო, თუმცა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თარიღმა ორი კვირით გადაიწია.