ტელეკომპანია „იმედის“ და „ჯი დი ესის“ მფლობელი კომპანიის, „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 100%-იანი წილის გასხვისებაზე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია განცხადებას ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, ჰოლდინგის ახალი მესაკუთრე ნიდერლანდებში დაფუძნებული Media finance Group B.V. იქნება. მარეგულირებელმა გარიგებას „მწვანე შუქი“ უკვე აუნთო.
„2021 წლის 20 იანვარს კომუნიკაციების კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა“, იმის შესახებ, რომ სურდათ პარტნიორის ცვლილება, კერძოდ “Media finance Group B.V.”-ს შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ (ს/კ 204563123) წილის 100% შეძენა ჰქონდა განზრახული, რომლის მფლობელი ფიზიკური პირი ინა გუდავაძეა, აღნიშნული ტრანზაქციაზე წინასწარი თანხმობის მისაღებად კი როგორც ამას კანონი მოითხოვს კომუნიკაციების კომისიას მიმართეს.
შეგახსენებთ, რომ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს. შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ წილების 100%-ს ფლობდა შპს „ტელეიმედში“ , შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ში) და შპს „რადიო იმედში“.
კომისიამ შესწავლა და დაადგინა, რომ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილის მფლობელის ცვლილება შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ საბაზრო წილსა და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლებზე გავლენას ვერ მოახდენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილის 100%-ის „Media Finance Group B.V.“-ის მიერ შეძენაზე ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად მიიჩნია და ტრანზაქციაზე წინასწარი თანხმობა მისცა.
შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილის 100%-ის „Media Finance Group B.V“-ს მიერ შეძენის შემთხვევაში, შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. შესაბამისად ჯერ - ჯერობით წილებს ისევ ინა გუდავაძე ფლობს“ -აღნიშნულია მარეგულირებელი კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, „ჯორჯია მედია პროდაქშენ გრუპი“ ტელეკომპანია „იმედის“ და ტელეკომპანია „ჯიდიესის“ მფლობელია. თავის მხრივ, ამ ჯგუფის 100%-იანი წილის მფლობელი კი ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძეა.