პოლონეთში პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და მუზეუმები იხსნება

პოლონეთში მომავალი თვიდან გარკვეული შეზღუდვები მსუბუქდება. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ნიეჯელსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირველი თებერვლიდან გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და მუზეუმები.

„ჩვენ ვხსნით სავაჭრო ცენტრებში მაღაზიებს სანიტარული რეჟიმის დაცვით. სამხატვრო გალერეები და მუზეუმებიც სავაჭრო ცენტრების მსგავსი სანიტარული წესების დაცვით გაიხსნება. ყოველ 15 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანი დაიშვება. გვსურს ამ კულტურული დაწესებულებების გახსნა პირველი თებერვლიდან დავუშვათ“, - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება რესტორნებს, ნიეჯელსკიმ აღნიშნა, რომ სიტუაცია ამ მხრივ უცვლელი რჩება და მათ მხოლოდ გატანის ან მიტანის სერვისის განხორციელება შეუძლიათ. კვლავ დახურული რჩება სასტუმროებიც.