ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის StopCoV ფონდში არსებული თანხა 7 მილიონ ლარამდეა.
„ინტერპრესნიუსმა“ StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან გამოითხოვა. როგორც უწყებაში აცხადებენ, 2020 წელს ფონდიდან 132 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო რაც შეეხება, StopCoV ფონდში ამ დროისთვის არსებულ რესურსს, ის მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად დაიხარჯება.
„StopCoV ფონდში 2021 წლის 25 იანვრის მდგომარეობით არსებობს მცირე რესურსი (7 მლნ ლარამდე), რაც წარმოქმნილია 2020-2021 წლებში მიღებული ჩარიცხვებით, რომლებიც განხორციელდა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შემდგომ და მისი განკარგვა განხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად“, - აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროში.
შეგახსნებთ, რომ StopCoV ფონდი გასული წლის მარტში შეიქმნა და მასში თანხის ჩარიცხვა კომპანიებსა და მოქალაქეებს შეეძლოთ. როგორც დაანონსდა, ფონდში აკუმულირებული თანხა ვირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებებისა და მისგან დაზარალებულთა დახმარებისათვის, მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, მიიმართებოდა.