"მე მაშფოთებს მომავალი, რომელიც იქნება საშინლად მძიმე“- ამის შესახებ ელიავას ბაზრობის ერთ-ერთმა მეწილემ კომპანია GT დირექტორმა თეა ანდრიაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
ანდრიაძე ამბობს, რომ უწყებათაშორისი კომისიის წევრებთან შეხვედრაზე ხელისუფლებამ არ გაიზიარა არგუმენტები, რომელიც კერძო სექტორის მხრიდან იყო წარდგენილი.
,,შეხვედრიდან კონკრეტული შედეგი ვერ გამოვიტანეთ. გვითხრეს, რომ გაგვხსნიან 15 თებერვალს, ან თუ ეპიდ სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, შესაძლებელია უფრო ადრეც.
ჩვენი ყველას აღშფოთების საგანი ერთი რამ იყო - როგორ შეიძლება, ღია სივრცე იყოს ეპიდ გავრცელების კუთხით მეტად რისკის შემცველი, ვიდრე დახურული? ამაზე არგუმენტი არ მოგვისმენია. ჩვენი პოზიცია გამყარებულია ევროპის წამყვანი ეპიდემიოლოგების კვლევებით, რაც ყველასათვის ხელმისაწვდომია, ვისაც ამის წაკითხვა უნდა.
დიდ დახურულ სივრცეებში ვირუსი გაცილებით აგრესიულია, სწრაფ გავრცელებას კი ფილტრები და გამწოვები იწვევს. ეს არის მთავარი ფაქტორი, ამის შემდეგ არის დისტანციის დარღვევა, პირბადის ტარების არასწორი წესი და სხვა, ყველაფერი დანარჩენი. მათი ლოგიკა გაუგებარია. თუ არ არის საშიში დახურული სივრცე, რატომ არ ხსნიან სკოლებს და უნივერსიტეტებს, მეტროს? დაარეგულირონ ნაკადები და გახსნან. ამაზე ვერაფერს ამბობენ, არ არსებობს საპირწონე არგუმენტი.
მე მაშფოთებს მომავალი, რომელიც იქნება საშინლად მძიმე, თუ მოსახლეობის ვაქცინაცია არ დაიწყო დროულად ხარისხიანი პრეპარატით, ჩვენ გველის მუდმივი ლოქდაუნები. ახლა ეკონომიკა და ხალხი მოხრჩობის სტადიაშია და შეზღუდვების გაგრძელებით ვიხილავთ სიკვდილს“-ამბობს თეა ანდრიაძე.
ცნობისთვის, ღია ტიპის ბაზრობები მოლებთან ერთად 1-ელ თებერვალს უნდა გახსნილიყო, თუმცა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თარიღმა ორი კვირით გადაიწია, სწორედ ამ საკითხზე გაიმართა კერძო სექტორის შეხვედრა უწყებების წარმომადგენლებთან.