ფერმერების აგროდიზელით მხარდაჭერის პროგრამა 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდა,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების განცხადებით, ფერმერები დიზელის საწვავს მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეისყიდიან. ფერმერებისათვის შეღავათიანი პირობებით საწვავის მიწოდებას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიას „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ შორის გაფორმდა. პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყება პირველ თებერვალს, ხოლო ფასდაკლების ბარათების გააქტიურება 7 თებერვლიდან, ეტაპობრივად მოხდება. მემორანდუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ დირექტორმა, ლევან გიორგაძემ მოაწერეს ხელი. ხელმოწერას ესწრებოდნენ "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ფაიგ გულიევი.
„2020 წელს ძალიან წარმატებული აგროდიზელის პროგრამა განხორციელდა „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმთან” თანამშრომლობით. ამ პროგრამით 125 ათასმა ფერმერმა ისარგებლა და მათ 7 მილიონ ლარზე მეტი შეღავათი მიიღეს. ჩვენ 2021 წელსაც ვაგრძელებთ სოკართან თანამშრომლობას. ფერმერებს საშუალება ექნებათ, შეღავათიანი პირობებით შეიძინონ დიზელი. გვაქვს სიახლეც, რაც ელექტრონულ პლატფორმას გულისხმობს. ფერმერებს აღარ მოუწევთ ქაღალდზე დაბეჭდილი დოკუმენტის წარდგენა ბენზინგასამართ სადგურებზე, ისინი ელექტრონული აპლიკაციით ისარგებლებენ”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი” დირექტორის, ლევან გიორგაძის განცხადებით, სახელმწიფოსთან თანამშრომლობით ხორციელდება პროგრამა, რომლიც ფერმერებს შეღავათიანი პირობებით სთავაზობს დიზელის საწვავს, რითაც ისინი ზოგავენ თანხას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებისას.
„პანდემიამ ეკონომიკის მიმართულებით ბევრი პრობლემა გააჩინა. ვფიქრობთ, არც 2021 წელი იქნება მარტივი. ჩვენ, გასულ წელს, მემორანდუმის საფუძველზე, დიზელს ფასდაკლებით ვაწვდიდით ფერმერებს, რაც ხელს უწყობდა ეკონომიკას. მემორანდუმი გაფორმდა წელსაც, რომ საწვავი მივაწოდოთ აგროსფეროს და ეს წელი უფრო წარმატებული გავხადოთ“, - განაცხადა "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა, მაჰირ მამედოვმა.
სამინისტროს ინფორმაციით, აგროდიზელის შეღავათიან ფასად მიღებას კვლავ შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიულ პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა, ან, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას. პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა. პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, დიზელის საწვავი მიმდინარე წლის განმავლობაში, ყოველთვიურად კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე 20 თეთრით იაფად შეისყიდონ კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ საბითუმო ბაზებიდან, ხოლო ავტოგასამართი სადგურებიდან, 16 თეთრის ფასდაკლებით. საწვავის ბარათების გაცემა განხორციელდება დისტანციურად ვებგვერდის https://my.mepa.gov.ge საშუალებით, ფერმერებს ასევე შეეძლებათ ბარათები სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებშიც მიიღონ.