,,მთავრობისგან სასიკეთოს არაფერს ველოდები. არაფრისმომცემი რეგულაციებით ვიხრჩობით“ – „შავი ლომი“

ხვალ რესტორნების ნაწილი პროტესტის ნიშნად ერთი დღის წყვეტენ მუშაობას და სრულად აჩერებენ მიტანის სერვისს.

როგორც ბიზნესი აცხადებს, ამის მიზეზი ის რეგულაციებია, რომელიც მთავრობამ მათ სექტორს დაუწესა.

როგორც ცნობილია, სარესტორნო ბიზნესი პირველ მარტამდე არ გაიხსნება. რეგულაციებით შექმნილ პრობლემებზე, ბიზნესის და დასაქმებულების რთულ მდგომარეობაზე რესტორან „შავი ლომის“ დამფუძნებელმა, რესტორატორმა, მერიკო გუბელაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, ბიზნესი არ ითხოვს არავითარ შეღავათს, მათი მოთხოვნა მუშაობის უფლებაა, რომლის შეზღუდვის გამოც 55 ადამიანის სამსახურიდან გაშვება მოუწია.

,,აქამდე, ჩვენი სექტორს მხრიდან იყო ძალიან ბევრი თხოვნა და მოთხოვნა, რომ მთავრობა დახმარებოდა ბიზნესს, რომ ჩვენს დასაქმებულებს ანაზღაურებოდათ ადეკვატური კომპენსაციით დახურვის პერიოდი, არაფერი შესრულდა. ახლა ჩვენ, მათ არ ვთხოვთ დახმარებას. ჩვენ ვითხოვთ მუშაობის უფლებას. ახლა ვითხოვთ, რომ უბრალოდ გავიხსნათ. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს კომუნიკაცია და შეხვედრები, მოლოდინია, რომ მთავრობა ისევ გადადგამს ისეთივე არაადეკვატურ ნაბიჯებს, როგორსაც დღემდე დგამდა. მე პირადად სასიკეთოს არაფერს ველოდები. უბრალოდ, მიუღებელია ის, რა დღეშიც ვართ. ფაქტია, ვიხრჩობით არაფრისმომცემი რეგულაციებით.

ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ რეალურად. ერთ რესტორანში 30 ადამიანიდან 25 სახლშია გაშვებული, დარჩენილია ხუთი ადამიანი და მათთვის ვახერხებთ ხელფასის ჩარიცხვას. ის 25 ადამიანი კი ამ დროს მშიერია სახლში. ორ სხვადასხვა რესტორანში კიდევ 30 ადამიანი გვყავს გაშვებული, ისინიც ანალოგიურად რთულ სოციალურ პირობებში არიან“, - განაცხადა გუბელაძემ.

კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა, რომელსაც რესტორატორი ასახელებს, მიტანის სერვისის კომპანიებია, რომელიც გუბელაძის თქმით, სარესტორნო ბიზნესს ,,წილში უზის“.

,,ტყუილია, რომ რესტორნები მუშაობენ მიტანის სერვისზე. ჯერ ერთი, რესტორანი მხოლოდ კვების ადგილი არ არის, ის სოციალური კონტაქტების და კომუნიკაციის ადგილია. ამასთან, ყველა კერძი არ არის გათვლილი გატანაზე, ჩვენი კერძების დიდი ნაწილი ასეთია. სწრაფი კვების ობიექტები ალბათ, მუშაობენ, მაგრამ სარესტორნე ხარისხის საკვების შეძენის შესაძლებლობა ქვეყნაში უკვე ძალიან ცოტას აქვს. ამ ყველაფერს კი ემატება ისიც, რომ მიტანის კომპანიები წილში გვისხედან და ამ მხრივ ვერაფერს ვცვლით“, - თქვა რესტორატორმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი