რა გვყოფნის და რა არა - როგორია ადგილობრივი პროდუქციის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს თვითუზრუნვეყოფის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ყურძენზე, ცხვრის და თხის ხორცზე აქვს, ყველაზე დაბალი კი - ხორბალზე.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, ყურძნით თვითუზუნველყოფა 151%-ს შეადგენს, ცხვრის და თხის ხორცის - 158%-ს, ხოლო ხორბლის 15%-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ 85%-ის იპორტს ვახორციელებთ.

რაც შეეხება სხვა პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტს, ასე გამოიყურება:

  • სიმინდი - 70%
  • კარტოფილი - 93%
  • ბოსტნეული - 62%
  • ყურძენი - 151%
  • ხორცი - 47%
  • მრპ- ს ხორცი - 71%
  • ღორის ხორცი - 44%
  • ფრინველის ხორცი - 31%
  • რძე და რძის პროდუქტები - 81%
  • კვერცხი - 91%
  • ცხვრის და თხის ხორცი - 158%

მიუხედავად იმისა, რომ ქათმის ხორცით თვითუზრუნველყოფა დაბალია, საკმაოდ მაღალია კვერცის შიდაწარმოება. ისევე როგორც, სიმინდის, კარტოფილის, რძისა და რძის პროდუქტების შიდაუზრუნველყოფა.

რაც შეეხება ხორბალს, 2019 წელს (2020 წლის მაჩვენებელი ჯერ გამოქვეყნებული არ არის) ქვეყნის მარაგი 76 ათას ტონას შედაგენდა, ადგილობრივი წარმოება 101 ათას ტონას, ხოლო იმპორტი - 587 ათას ტონას. ჯამში, 764 ათასი ტონა ხორბალი მოიხმარა ქვეყანამ.

ამავე წელს, ბოსტნეულის მარაგი 48 ათასი ტონა იყო, ადგილობრივი წარმოება 161 ათასი ტონა, იმპორტი კი, 110 ათასი ტონა. 2019 წელს 319 ათასი ტონა პროდუქტი მოიხმარა ქვეყანამ.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, ხორცის მარაგი 2,3 ათას ტონას შეადგენდა, ადგილობრივი წარმოება - 69,5 ათას ტონას, იმპორტი - 89,6 ათას ტონას. 2019 წელს საქართველოს ჯამში 161,4 ათასი ტონა ხორცის რესურსი ჰქონდა.

ფრინველის ხორცის მარაგი 0,4 ათას ტონა იყო, ადგილობრივი წარმოება - 22,8 ათასი ტონა, ხოლო იმპორტი 54,4 ათასი ტონა. სულ ქვეყანამ 77, 6 ათასი ტონა პროდუქტი მოიხმარა.

ნინი ქეთელაური