ეს საკმაოდ მძიმე მაჩვენებელია, თუმცა ესაა მსოფლიო ტრენდის ნაწილი, - ასე ეხმაურება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის 6.1%-იან შემცირებას.
როგორც მინისტრმა განმარტა, გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკის პროგნოზირებულზე მეტად შემცირება ეპიდემიამ განაპირობა. ნათია თურნავას თქმით, 2021 წელი აღდგენის და გაჯანსაღების წელი იქნება.
„იცით, რომ გარკვეული, მე ვიტყოდი სერიოზული გაჯანსაღება გვქონდა, რომელიც იყო სხვა ქვეყნების ფონზე საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიტიური სიგნალი სექტემბერში, ოქტომბრის დასაწყისში, მაგრამ ბოლო კვარტლის ვითარებამ, კერძოდ, მეორე ტალღამ, ისევე როგორც ჩვენს რეგიონს, ევროკავშირს, საქართველოს ეკონომიკასაც თავისი დაღი დაასვა და საბოლოო ჯამში, შედეგი იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე თავიდან ვპროგნოზირებდით და ეს არის ეპიდემიის გავლენით. მთავრობის გეგმაზომიერი ნაბიჯები, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, რომ ნოემბრის ბოლოს მივიღეთ პრევენციული ზომები და წერტილოვანი შეზღუდვები დავაწესეთ, რომელთა ეტაპობრივი შემსუბუქება ახლა ხდება, იყო აბსოლუტურად ადეკვატური და ხედავთ, რომ ეკონომიკაში ვითარება პანდემიიდან გამომდინარე, არც თუ ისე სახარბიელო გვაქვს, თუმცა საერთაშორისო ტრენდიდან, საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზებიდან, ყველა წინაპირობა გვაქვს, რომ 2021 წელი ზრდის და აღდგენის წელი იყოს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, “საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით შემცირდა. ეკონომიკის წლიური ვარდნა კი -6.1%-ია.