საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფოსთვის მთავარ პრიორიტეტს სასწავლო პროცესის სკოლებში აღდგენა წარმოადგენს.
როგორც თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საბჭოს შიგნით საუბარი ყველაზე პრიორიტეტულად სამ დიდ ქალაქში აღნიშნული სექტორის გახსნას უკავშირდება.
„ცალკეული ბიზნესი, რომელიც აპროტესტებს, რომ ჯერჯერობით დახურულია, პრობლემას უყურებს მხოლოდ თავისი ბიზნესის გადმოსახედიდან. ჩვენ კი, პრობლემას ვუყურებთ კომპლექსურად. ჩვენ არამხოლოდ რესტორნები გვაქვს გასახსნელი, არამედ სკოლებზე, ტრანსპორტზე და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზეც უნდა ვიზრუნოთ. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ თუკი ვსაუბრობთ პრიორიტეტებზე, ახალგაზრდობის განათლება არის ჩვენთვის უპირობო პრიორიტეტი. აქედან გამომდინარე, დაგიდასტურებთ, საუბარი ყველაზე პრიორიტეტულად არის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება განათლების სექტორის გახსნასთან იმ სამ დიდ ქალაქში, სადაც შეზღუდვა ჯერ კიდევ ნარჩუნდება. ვადასტურებ, რომ ეს პრიორიტეტია და თარიღებშიც ამდაგვარად აისახება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.