ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რადგან ქვეყნის ბიუჯეტი გადატვირთულია სოციალური პროგრამებით და ხარჯებით, აქცენტი კერძო სექტორის ინიციატივაზე გადავა.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, კერძო ინვესტორი ეკონომიკის აღდგენის მთავარი გამწევი ძალა გახდება.
„2021 წელი არის მძიმე. ეს არის ჯერ კიდევ პანდემიის და ეკონომიკის აღდგენის წელი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეკონომიკის აღდგენა სრულად ვერ მოხდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ ყველა ბერკეტი უნდა ავამოქმედოთ იმისთვის, რომ კერძო სექტორი გამოცოცხლდეს, ადგილობრივმა და უცხოელმა ინვესტორმა შექმნას ახალი სამუშაო ადგილები. საბიუჯეტო მხარდაჭერა, ანტიკრიზისული გეგმა, სოციალური პროექტები, ინფრასტრუქტურული პროექტები, რასაც სახელმწიფო ახორციელებს, კვლავ მნიშვნელოვანი ლოკომოტივი იქნება ეკონომიკისთვის, მაგრამ ვინაიდან ახლა ჩვენი ბიუჯეტი გადატვირთულია სოციალური პროგრამებით და ხარჯებით, აქცენტი მეტად გადავა კერძო სექტორის ინიციატივაზე. კერძო ინვესტორი გახდება ჩვენი ეკონომიკის აღდგენის მთავარი გამწევი ძალა. პრივატიზების დაჩქარება ამ გეგმაში ძალიან კარგად და ორგანულად ჯდება. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმა იმისა, თუ რას შევთავაზებთ უახლოეს ერთ თვეში კერძო ბიზნესს, პოტენციურ ინვესტორებს პრივატიზების, წიაღისეულის ათვისების, სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების თვალსაზრისით“, - განაცხადა თურნავამ.