„თუ ყველა შევასრულებთ რეკომენდაციებს, დიდი იმედი მაქვს, რომ რესტორნები არა მარტო აჭარაში, არამედ დანარჩენ საქართველოშიც იმუშავებენ"

თუკი ყველა შევასრულებთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს და პროტოკოლებს და თუკი ყველა ერთად გადავინაწილებთ პასუხისმგებლობას, დიდი იმედი მაქვს, რომ რესტორნები არა მარტო აჭარაში, არამედ დანარჩენ საქართველოშიც იმუშავებენ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, რესტორნების მდგომარეობა მართლაც რთულია და მთავრობას მათთან აქვს პერმანენტული კომუნიკაცია, იმისთვის, რომ ყველა პრობლემა ზედმიწევნით იცოდეს. ამასთანავე, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ხელისუფლებას ამის საშუალება ეძლევა, ის მაქსიმალურად ხსნის ბიზნესსაც და რეგიონებსაც.

„რესტორნების მდგომარეობა მძიმეა ნამდვილად, ჩვენ ამას ცალსახად ვხედავთ. გვაქვს მათთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია, თუნდაც იმ დონეზე, რომ ყველა მათი პრობლემა ვიცით. თუმცა, უნდა დავინახოთ და ვაღიაროთ, რომ მაქსიმალურად, როგორც კი გვეძლევა საშუალება ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ამა თუ იმ რეგიონს ვხსნით, ამა თუ იმ ბიზნესს ვხსნით. შეუძლებელია, ერთ დღეში დავუბრუნდეთ ეპიდემიამდე არსებულ ვითარებას და ნორმალურ ცხოვრებას. ეტაპობრიობა უნდა ახასიათებს ჩვენს ნაბიჯებს.

პირველი თებერვლიდან იხსნებიან სავაჭრო ცენტრები, მოლები, მცირე და დიდი მაღაზიები, ინდმეწარმეები და ა.შ. 15 თებერვლიდან, თუ არ მოგვეცა ამის საშუალება მანამდე, იხსნებიან ბაზრობები ძალიან ფრთხილად, ვსაუბრობთ სკოლებზე, ვსაუბრობთ ტრანსპორტზე, რომლებიც მერწმუნეთ, არ მიწყენენ რესტორნები, რომ არის არანაკლებ და უფრო მეტად პრორიტეტული, იმიტომ, რომ უფრო მეტი რაოდენობის ადამიანს ეხება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს ერთად ვერ გავაკეთებთ, რომ პროცესი არ დავაზარალოთ,“- განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, რესტორნების გახსნის ზუსტი თარიღის დასახელებას მთავრობა ერიდება, რადგან ეს თარიღი შესაძლოა, რეალურად უფრო ოპტიმისტური იყოს, ვიდრე ახლა არსებობს ამაზე ინფორმაცია.

„ჩვენ ვმუშაობთ რესტორნებთან, ავუხსნით, რატომ ვერიდებით კონკრეტული თარიღის დასახელებას, შეიძლება ეს თარიღი უფრო ოპტიმისტური იყოს, ვიდრე ჩვენ ახლა გვაქვს მოლოდინი, მაგრამ, რაც მთავარია, მათ გაიგეს ჩვენი ლოგიკა, რომ ყოველკვირეულად ხდება გადახედვა ე.წ დადებითობის მაჩვენებლის. დღეს გვაქვს პოზიტიური ტენდენცია და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, დავაკვირდეთ და შევინარჩუნოთ. როგორც კი მოგვეცემა ამის საშუალება აჭარის მსგავსად და აჭარა კარგი მაგალითია, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ, სხვა რეგიონებზეც ეს გავრცელდება. აქედან გამომდინარე, კიდევ ცოტა მოთმინება გვმართებს, მე მესმის მათი პრობლემების, მესმის, რომ მათი პროტესტი არ არის პოლიტიზირებული აქტი, არამედ მათი შიდა პრობლემებით გამოწვეული პროტესტია და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ როგორც კი მოგვცემს საშუალებას ეპიდემიოლოგიური ვითარება, გავხსნათ, მათ შორის, ღია სივრცეები რესტორნებშიც,“- განაცხადა თურნავამ.