ძალიან მკაცრი კონტროლი იქნება, რომ აჭარაში, კაფეებსა და რესტორნებში არ იყოს დიდი, ხალხმრავალი ღონისძიებები. ეს დარღვევა იქნება და ამას არ დავუშვებთ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რა რეგულაციები უნდა დაიცვას აჭარაში სარესტორნო ბიზნესმა.
როგორც თურნავა აცხადებს, სარესტორნო ბიზნესის მიერ რეკომენდაციების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება.
„რესტორნების გახსნა საკმაოდ დიდ რისკებთან დაკავშირებული პროცესია, თუმცა, აჭარაში ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით ეს დავუშვით. რისკი დაკავშირებულია იმასთან, რომ ბუნებრივად, რესტორანში მყოფები ვერ იკეთებენ პირბადეებს, იხსნიან, ამ დროს კონტაქტის და ინფიცირების რისკი მაღალია, თუმცა, შეგახსენებთ, რომ ღია სივრცეებში ხდება ეს.
ძალიან მკაცრი კონტროლი იქნება, რომ კაფეებსა და რესტორნებში არ იყოს დიდი, ხალხმრავალი ღონისძიებები. ეს დარღვევა იქნება და ამას არ დავუშვებთ. გარდა ამისა, ძალიან კარგად გავაკონტროლებთ, რომ პერსონალი პერიოდული სავალდებულო ტესტირების ობიექტი იყოს, ეს არის მთავარი დაზღვევა, რაც აქ იქნება. ვაკვირდებით, თუ დავინახეთ, რომ ეს ნაბიჯი გართულებას იწვევს, მოგვიწევს ამის გადახედვა. იმედი გვაქვს, რომ არ დაგვჭირდება“, - აცხადებს თურნავა.
ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ელი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება. ამასთან, აჭარაში, პირველი თებერვლიდან ღია სივრცეებში განთავსებული კაფეები და რესტორნები გაიხსნება.