ნათია თურნავა ოპოზიციაზე - უნდათ, რომ მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ და მოქალაქეებს ამბოხისა და ქუჩის გზისკენ მოუწოდონ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ოპოზიციას სურს, კოვიდ სიტუაციის ფონზე, მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს და მოქალაქეებს ამბოხისა და ქუჩის გზისკენ მოუწოდოს. ამის შესახებ თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, ნებისმიერი ამბოხი, რევოლუცია, დესტაბილიზაცია ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის მომაკვდინებელი იქნება, რასაც მმართველი გუნდი არ დაუშვებს.

"ოპოზიციის განწყობებს რაც შეეხება, ყველაზე შეიძლება ვერ ვთქვათ, მაგრამ არის მკვეთრად დესტრუქციული დაჯგუფება, რომლის გზაც ევოლუციური არ არის. ეს გზა იმედია იმისა, რომ მიეცემათ საშუალება სოციალური და ეკონომიკური პრობლემების ფონზე, რაც ობიექტური მიზეზით, კოვიდითაა გამოწვეული, უნდათ, რომ მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ და მოქალაქეებს ამბოხისა და ქუჩის გზისკენ მოუწოდონ. ჯერ ეს ერთი, ნებისმიერი ამბოხი, რევოლუცია, დესტაბილიზაცია იქნება მომაკვდინებელი ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად, ეკონომიკისთვის. ისევე როგორც შს მინისტრი ამბობს, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრს არაერთხელ უთქვამს, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და მოსახლეობას ამ ნაწილში შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს. არანაირი მშვიდობიანი ევოლუციის გზიდან გადახვევა არ იქნება. ჩვენი მიზანია 2021 წელს განაცხადი ევროკავშირში შევიტანოთ და არა უკან-უკან წავიდეთ", - განაცხადა თურნავამ.