დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში, დღეს კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია.
როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინფექციის ცირკულაციის მაჩვენებელი ქვეყანაში მცირდება.
“კლების დინამიკა ახალი შემთხვევების გრძელდება და 669 ინფიცირებული გამოვლინდა ჩატარებული 19 311 ტესტიდან ბოლო 24 საათში. ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი დღეს არის ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე ნაკლები - 3,5%. ბოლო 7 დღეში გვაქვს 4,7%, ბოლო 14 დღეში - 5,8%. ბოლო 14 და 7 დღეს განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ სტაბილიზაციის თვალსაზრისით. ზოგადად, იანვარში არის 8% და ბოლო 30 დღის განმავლობაში 8,4%.
შედარებითი მაჩვენებელი დადებითობის პროცენტის ოქტომბერ-ნოემბერში და მოყოლებული ოქტომბერ-ნოემბრიდან ყოველ ორკვირეულ შუალედში, დინამიკა საინტერესოა - 23 ოქტომბერი -5 ნოემბერი - 19%; 6- 19 ნოემბერი - 24%, 20 ნომბერი- 3 დეკემბერი, ეს იყო პიკი და გვქონდა 30%, ანუ გატესტილი თითქმის ყველა მესამე იყო დადებითი; 4-7 დეკემბერი - 22%. 18-31 დეკემბერი - 14,5%. 1-14 იანვარი - 10,5%, 15-28 იანვარი საშუალო გვაქვს 5, 8%“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ კლების მაჩვენებლები შევინარჩუნოთ.
„რამდენიმე ინდიკატორი, რასაც ჩვენ ეპიდსიტუაციის დახასიათებისთვის ყურადღებას ვაქცევთ ეს არის ინციდენტობის მაჩვენებელი 7 და 14 დღეში, საშუალო დადებითობის მაჩვენებელი, საწოლფონდის დატვირთვის მაჩვენებელი, რეანიმაციების დატვირთვის მაჩვენებელი, რესპირატორებზე და ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ ავადმყოფთა რაოდენობა და ა.შ. ეს ყველაფერი ბოლო თვის განმავლობაში მიდის სტაბილიზაციისკენ, ანუ სტაბილურად მცირდება, რაც ნიშნავს, რომ ინფექციის ცირკულაციის მაჩვენებელი ქვეყანაში მცირდება. რაც რა თქმა უნდა, კარგია. მაგრამ 669 შემთხვევაც სერიოზულია ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის და ამას შენარჩუნება სჭირდება იმ ძალიან ფრთხილი პოლიტიკით და ნაბიჯებით, რომელიც ერთობლივად უნდა გადაიდგას. შემცირებულია ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. ჩვენთვის ზღვარი არის 8 მილიონ მოსახლეზე, აბსოლუტურ ციფრში, 29 გარდაცვლილი დღეზე. სიკვდილიანობის მაჩვენებელიც შემცირებულია ქვეყანაშიც, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ეს შევინარჩუნოთ. პანდემია გრძელდება, სხვადასხვა მუტაციები და ახალი შტამები ჩნდება და ჯერ არ არის პროგნოზირებადი იქნება მესამე ტალღა, რომელსაც ზოგიერთი ქვეყანა გადის, როგორი იქნება, როგორი სისწრაფით იქნება ვაქცინირებული მსოფლიოს მოსახლეობა, რომ დამარცხდეს პანდემია“, - განაცხადა გამყრელიძემ.