დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გვეცოდინება 51 დაბალ და საშუალოგანვითარებული ქვეყნიდან, რომელს შეარჩევს “კოვაქს” პლატფორმა „ფაიზერის“ ვაქცინის მისაწოდებლად. მისივე ინფორმაციით, საქართველო შედის იმ 12 ევროპულ ქვეყანას შორის, რომელიც აკმაყოფილებს “ფაიზერის” ვაქცინის ლიმიტირებული დოზების მისაღებად საჭირო ყველა პირობას.
„ასე იყო გაცხადებული, რომ იქნება გადაწყვეტილება, “ფაიზერის” ვაქცინის დაახლოებით, მილიონამდე დოზა, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, განთავსებულია COVAX პლატფორმაზე, რომელიც სწორედ უნდა მიეწოდოს და განაწილდეს 51 დაბალგანვითარებულ და საშუალოგანვითარებულ ქვეყნებზე და აქ სწორედ, რაც მე მაქვს ინფორმაცია, სერიოზული მსჯელობა მიდის, გუშინ, დღეს, ხვალ იქნება, ალბათ, და გვეცოდინება ამ დღეებში, რომელ ქვეყნებს შეარჩევენ ამ 51 ქვეყნიდან. საქართველო იმ 12 ევროპულ ქვეყანაში შედის, რომელიც აკმაყოფილებს ყველა პირობას “ფაიზერის” ვაქცინის ლიმიტირებული დოზების მიღების, აქედან გამომდინარე, ყველაფერი დამოკიდებულია უკვე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და “გავის” ალიანსისა და “კოვაქსის” საბჭოზე რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს თანაბრად განაწილდება 51 ქვეყანაზე თუ შეირჩევა რეგიონებში ქვეყნები. დარწმუნებული ვარ, რომ გვეცოდინება ამ უახლოეს ხანში გადაწყვეტილება,“- განაცხადა გამყრელიძემ.
მან ამასთანავე, იმედი გამოთქვა, რომ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში საქართველო “ასტრაზენეკას” ვაქცინის რამდენიმე ასეულ ათას დოზასაც მიიღებს.
„COVAX-თან მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში კომუნიკაცია, გვაქვს დიდი ალბათობით მოლოდინი, რომ თებერვლის ბოლოსთვის, მარტის დასაწყისისთვის “ასტრაზენეკას” ვაქცინის რამდენიმე ასეულ ათას დოზას საქართველო მიიღებს. 20% ხომ უნდა მივიღოთ დასაფარად და COVAX-ის პლატფორმიდან პირველ 3%-ს, დიდი იმედი გვაქვს, რომ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში ანუ პირველ კვარტალში მივიღებთ,“- განაცხადა გამყრელიძემ.