კრიტიკა ძალიან ადვილია, საქმის კეთებაა რთული, - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით საქართველოს კლინიკების ასოციაციაციის მიმართვას.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, ვაქცინების მოსაპოვებლად სხვადასხვა ქვეყანასთან და მწარმოებლებთან ძალიან ინტენსიური, ყოველწუთიერი მუშაობა მიმდინარეობს.
“ვაქცინებთან დაკავშირებით საქართველომ მუშაობა დაიწყო აგვისტოში, წელს გარანტირებული გვაქვს 1.4 მილიონი დოზა “კოვაქსიდან”, რომელიც წლის განმავლობაში უნდა მივიღოთ. მაგრამ, ჩვენი გეგმით, რომელიც მთავრობის მიერ არის დამტკიცებული, გვჭირდება 3.9 მილიონი დოზა, რომლის მოსაპოვებლადაც ძალიან ინტენსიური, ყოველწუთიერი მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანასთან და მწარმოებლებთან. ევროკავშირის დაახლოებით 7-8 ქვეყანასთან არის შეპირება, რომ თუ მათ მეტი დოზა აქვთ შეკვეთილი ვიდრე სჭირდებათ, როდესაც მიიღებენ ჭარბ დოზებს, საქართველოს გადმოუნაწილებენ. სამწუხაროდ, დღეს ვაქცინა გადაიქცა პოლიტიკურ იარაღად და არის ჯერჯერობით ძლიერი სახელმწიფოების, დიდი შვიდეულის ხელში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს კლინიკების ასოციაცია საქართველოს მთავრობას და საზოგადოებას კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმართავს. როგორც საქართველოს კლინიკების ასოციაციაში აცხადებენ, პანდემიის მესამე ტალღის თავიდან აცილება შესაძლებელია ვაქცინაციის დროული დაწყებით, მხოლოდ “კოვაქს" პლატფორმაზე დაყრდნობა კი არასაკმარისია.