„ყველაფერი ერთბაშად რომ გაიხსნას, იგივე ვითარება დადგება, რაც ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა"

სოლიდარული ვარ რესტორნების, სამთო კურორტების და ყველას მიმართ, მაგრამ ახლა, რომ ყველაფერი ქვეყანაში ერთბაშად გაიხსნას, იგივე ვითარება დადგება, რაც გვქონდა ნოემბერ-დეკემბერში. ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუჭერ იმას მხარს, რომ ისევ შევიდეთ იმ მასშტაბის ტალღაში, როგორიც გვქონდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის მასშტაბით რესტორნების ერთდღიანი გაფიცვის გადაწყვეტილებას.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ზაფხულში ქვეყანაში კორონავირუსის ახალი მაჩვენებლები შედარებით ნაკლები იყო, ასევე ნაკლები იყო სიკვდილიანობა, თუმცა ზაფხულის შემდეგ ქვეყანამ ძალიან მძიმე მეორე ტალღა გაიარა.

„არ ვისურვებდი, რომ ჩემმა ქვეყანამ ამ მასშტაბის მესამე ტალღა გაიაროს კიდევ. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან სიტუაცია სტაბილურია და მცირდება ყველა მაჩვენებელი...მე მესმის რესტორნების, სოლიდარული ვარ რესტორნების, სამთო კურორტების და ყველას მიმართ, მაგრამ ახლა, რომ ყველაფერი ქვეყანაში ერთბაშად გაიხსნას, იგივე ვითარება დადგება, რაც გვქონდა ნოემბერ-დეკემბერში. ამას არ ვისურვებდი და ვერავითარ შემთხვევაში დავუჭერ იმას მხარს, რომ ისევ შევიდეთ იმ მასშტაბის ტალღაში, როგორიც გვქონდა. ვირუსი არსად გამქრალა, აგერ, გვერდზე არის, ყველგან ტრიალებს. ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავაკვირდეთ ორკვირეულ მონაცემებს და გარკვეული რიგითობით უნდა გაიხსნას“.- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

30 იანვარს, თბილისში 100-ზე მეტი რესტორანი 24 საათით მუშაობას და გატანის სერვისს შეწყვეტს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განუცხადა. მისივე თქმით, 30 იანვარს სექტორის წარმომადგენლები მთავრობის კანცელარიასთან მშვიდობიან საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. როგორც შოთა ბურჯანაძე განმარტავს, აღნიშნული ნაბიჯი მთავრობის გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომლის თანახმადაც რესტორნები არ იხსნება.