შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, ისინი სათანადო რეაგირებას ახდენენ იმ შემთხვევაში, თუ საქალაქთაშორისო გაადგილების შეზღუდვის პირობებში, რომელიმე მოქალაქე ასეთი სახის ტრანსპორტით მაინც სარგებლობს.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი შსს-თან კოორდინირებულად თანამშრომლობს და მსგავსი ქმედებები ორგანიზებულად არ ფიქსირდება.
„ამ შემთხვევაში სხვადასხვა საზედამხედველო უწყებაა ჩართული. მქონდა და მაქვს კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უწყებასთან, საპატრულო პოლიციასთან. ჩვენ მუდმივ მონიტორინგს და კონტროლს ვახორციელებთ. ამიტომ, მსგავსი ქმედებები ორგანიზებულად არ ფიქსირდება. ეს უბრალოდ შეიძლება იყოს სამარშუტო ტაქსი, ინდივიდუალურად რომელიმე მოქალაქის მიერ ორგანიზებული. ასეთი ფაქტი აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოს მიერ იქნება აღმოფხვრილი და სათანადო ქმედებები განხორციელდება“,-განაცხადა ფერაძემ.
როგორც მან აღნიშნა, რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ რეკომენდაციების დარღვევა მასიური ხასიათის იქნება. „ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით ვუდგებით ეკონომიკის გახსნის პროცესს, ვინაიდან არ გვინდა, რომ შემდგომში ეს გარკვეული გართულების გამომწვევი იყოს. ამიტომ, ბიზნესის მხრიდან მზაობას ვაკვირდებით. შეიძლება ვთქვათ, რომ მათი მხრიდან ეს მზაობა ფიქსირდება. არ გვაქვს მოლოდინი, რომ რეკომენდაციების დარღვევა მასიური ხასიათის იქნება. თუმცა, საქართველოს მასშტაბით კონტროლი ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება“,-განაცხადა ფერაძემ.