ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, შეთანხმება ითვალისწინებს სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შემოღებას ორივე ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების მიმართ, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსა და იაპონიას შორის კერძო კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტიან განვითარებასა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
მათივე ცნობით, შეთანხმების ხელმოწერამდე ნათია თურნავა იაპონიის ელჩს საქართველოში იმამურა აკირას შეხვდა, რომელთანაც ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე საქართველოს ბაზარზე იაპონური საინვესტიციო აქტივობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
"აღინიშნა, რომ იაპონია წარმოადგენს მნიშვნელოვან ინვესტორ ქვეყანას საქართველოსთვის და დიდი მნიშვნელობა ენიჭება იაპონიიდან განხორციელებულ ინვესტიციებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა ჰიდროენერგეტიკა, „მწვანე წყალბადის“ წარმოება, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და სხვ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში იაპონური კაპიტალის მონაწილეობით 26 კომპანია ფუნქციონირებს. 2020 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, იაპონიიდან საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციამ შეადგინა 15.4 მლნ აშშ დოლარი, საიდანაც ძირითად საინვესტიციო სექტორს ენერგეტიკა წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის გაზაფხულზე, იაპონურმა ენერგო-გიგანტმა, კომპანიამ TEPCO Renewable Power (TEPCO RP) ინვესტიცია განახორციელა საქართველოს ენერგო სისტემაში და ერთ-ერთ უმსხვილეს პროექტში 31.4% წილი შეძინა. TEPCO RP-ს მიერ იაპონიის გარეთ, ვიეტნამის შემდეგ, ინვესტიციის განხორციელება მეორე შემთხვევაა. გასათვალისწინებელია, რომ TEPCO RP-მ საქართველოში ინვესტირება ხელსაყრელი ბიზნეს და ენერგეტიკული პოლიტიკის გამო გადაწყვიტა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების არსებობა გახდება მნიშვნელოვანი სამართლებრივი საფუძველი და დამატებითი სტიმული იაპონიის ინვესტორებისათვის საქართველოში ინვესტიციების წახალისებისთვის",-აღნიშნავენ უწყებაში.