სტატისტიკის ეროვნული სამსახური კარგა ხანია შემჩნეულია პოლიტიკურ მანიპულაციაში და ხშირად ეწევა მთავრობის საქმიანობის შელამაზებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისვე განმარტებით, საქსტატი მონაცემებს აყალბებს, რადგან უწყების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკა გასულ წელს 6,1 პროცენტით შემცირდა, რაც არ არის სწორი.
„კლება კიდევ უფრო მეტია, ვინაიდან მთლიანი შიდა პროდუქტი არ არის ზუსტად დათვლი. ამის მიზეზი არის გაყალბებული წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ( სუბსიდრებით მანიპულირების გამო). ნომინალური მშპ ინფლაციის ოდენობა ( ე. წ. დეფლატორი) მცირდება და ვღებულობთ რეალურ მშპ-ს. თუ რაღაც რიცხვს შევამცირებთ, მაგალითად 5 პროცენტით, მივიღებთ ერთ მაჩვენებელს, თუ 2,5 პროცენტით - სულ სხვას. ანუ, რაც უფრო პატარა რიცხვზე გავყოფთ ნომინალურ მშპ-ს, მით უფრო მეტი იქნება რეალური მშპ. ასეთ ”პატარა” ინფლაციაზე გაყო საქსტატმა ნომინალური მშპ და როგორც მანამდე ინფლაციის მაჩვენებელი გააყალბა, ახლა უკვე ავტომატურად ეკონომიკური ზრდის (ამ შემთხვევაში შემცირების) მაჩვენებელიც დაამახინჯა. სტატისტიკის ეროვნული სამსახური კარგა ხანია შემჩნეულია პოლიტიკურ მანიპულაციაში და ხშირად ეწევა მთავრობის საქმიანობის შელამაზებას. ასე იქცეოდა ინვესტიციების, უმუშევრობის, მიგრაციის, საარსებო მინიმუმის და სხვა ”პოლიტიკურად მგრძნობიარე” საკითხების შესწავლისას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, „სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, “საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით შემცირდა.