„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოსტკოვიდ პერიოდში, რაც შეიძლება მეტი იაპონელი ინვესტორი დავაინტერესოთ და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პოსტკოვიდ პერიოდში, რაც შეიძლება მეტი იაპონელი ინვესტორი დაინტერესდეს და ქვეყანაში მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნას. ასე გამოეხმაურა თურნავა საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეთანხმება მიზნად ისახავს, რომ საქართველოში იაპონიიდან ინვესტიციების შემოსვლის საფუძველი უფრო მეტად გაამყაროს.

“შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. მას შემდეგ ძალიან აქტიურად იმუშავა როგორც ჩვენმა სამინისტრომ, ასევე ჩვენმა კოლეგებმა საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებიდან. შედგა მოლაპარაკების ექვსამდე რაუნდი და საბოლოოო ჯამში, ეს პროცესი ხელმოწერით დასრულდა,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, იაპონია საქართველოს ძალიან მნიშნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია და ბოლო 10 წელში 150 მილიონზე მეტი იაპონური ინვესტიცია განხორციელდა.

“ეს ვერ ასახავს რეალურ პოტენციალს, რომელიც გაცილებით უფრო მაღალია. ასევე ძალიან ბევრია ტექნიკური დახმარების პროგრამები, რაც იაპონიის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება. ძალიან სასიამოვნოა, რომ ბოლო ერთ წელიწადში, პანდემიის მიუხედავად, ისეთი მსხვილი იაპონური ინვესტიცია განხორციელდა, როგორიც არის საქართველოში იაპონური გიგანტი კორპორაციის „ტეპკოს“ შემოსვლა და ენერგეტიკის სფეროში ინვესტიცია,“ - განაცხადა თურნავამ.

მანვე აღნიშნა, რომ შეთანხმება ითვალისწინებს სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შემოღებას ორივე ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების მიმართ, რამაც ხელი უნდა შეიწყოს საქართველოსა და იაპონიას შორის კერძო კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტიან განვითარებასა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.