ირანის საზღვარზე შეჩერებული ქართველი მძღოლების მდგომარეობის გასაცნობად ადგილზე ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს კონსული, გიორგი სახლთხუციშვილი ჩავიდა. მისი თქმით, რამდენიმე მანქანა უკვე გამოუშვეს და ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონსული გაეცნო საზღვარზე დარჩენილი დაახლოებით 40-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლის მდგომარეობას და მათ საჭიროებებს.
"გიორგი სახლთხუციშვილი ასევე შეხვდა საბაჟო ტერმინალის უფროსსა და სასაზღვრო გამშვები პუნქტის ხელმძღვანელს, რომელთაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მიმართ კეთილგანწყობა და აღნიშნეს, რომ საკითხის დროულად გადასაწყვეტად და საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დაბრუნებისთვის უფლების მისაცემად მაქსიმალურად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
ამასთან, საქართველოს საელჩო ირანში აგრძელებს შესაბამის უწყებებთან მუშაობას, მძღოლების საქართველოში დაბრუნების პროცესის დასაჩქარებლად. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი შეხვდა ირანში გაჩერებული მძღოლების ოჯახის წევრებს, გააცნო მათ არსებული მდგომარეობა და განუმარტა, რომ საგარეო უწყება აქტიურად მუშაობს მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად", - ნათქვამია ინფორმაციაში.