თითქოს ჩვენ არა ადამიანების სიცოცხლეზე, არამედ მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ვღელავთ, არის ის ერთიანი „მესიჯბოქსი“, რომელიც შეიმუშავა მთავრობამ - „ტრეფიკ თრეველი“

თითქოს ჩვენ არა ადამინების სიცოცხლეზე, არამედ მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ვღელავთ, არის ის ერთიანი „მესიჯბოქსი“, რომელიც შეიმუშავა მთავრობამ - ამის შესახებ ტურისტული კომპანია „ტრეფიკ თრეველის“ მმართველმა პარტნიორმა ცოტნე ჯაფარიძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

საქმე ეხება ტურისტული და სარესტორნო ბიზნესების პროტესტს. სექტორების წარმომადგენლები, შაბათს 3 საათზე კანცელარიასთან აქციას გამართავენ, სადაც მთავარი მოთხოვნა იქნება - ქვეყანა უნდა გაიხსნას.

როგორც ცოტნე ჯაფარიძემ აღნიშნა, აქციაზე გახსნასთან ერთად, მეორე მკაფიო მოთხოვნა იქნება, რომ ბიზნესები აღარ დაიხუროს.

„ხვალ კიდევ ერთხელ ვმართავთ აქციას და დიდი იმედი გვაქვს, რომ უფრო მასშტაბური იქნება. ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო რესტორატორებს, რადგან საკმაოდ სოლიდარული აღმოჩნდა ეს ჯგუფი ზოგადად პროსტეტის მიმართ. როგორც იცით, ძალიან ბევრი რესტორანი და ადამიანები გვიერთდებიან იგივე მოთხოვნით, რომ გაიხსნას ეკონომიკა, გაიხსნას ქვეყანა... მოგვეცეს მუშაობის საშუალება და ნელ-ნელა დავუბრუნდეთ ცხოვრების იმ ჩვეულ რიტმს, რომელშიც ვიყავით აქამდე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შესაბამისი რეგულაციების დაცვით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სექტორები უნდა იყოს დახურული, ტრანსპორტი არ მუშაობდეს, მოქმედებდეს კომენდანტის საათი, სახლიდან გამოსვლის და საერთოდ, არსებობის უფლება არ გვქონდეს.

ამიტომ, რადგან ჩვენ უკვე ყველანაირი რესურსი ამოვწურეთ, რომ უბრალოდ ვიარსებოთ, საჭმლის და ელემენტარული შემოსვლის წყაროც კი გაგვიქრა, არანაირი იმედი აღარ გვაქვს. ჩვენი სულისკვეთებაა, რომ გარეთ გამოვიდეთ და რამენაირად გავაგებინოთ ჩვენი ხმა ხელისუფალს. დაველაპარაკოთ, მოხდეს კოორდინირება და შეთანხმება იმ წესებზე, რის მიხედვითაც შეგვეძლება ვიმუშაოთ, ვიყოთ უსაფრხოები. ნელ-ნელა დავიწყოთ აგურის აგურზე დადება ეკონომიკაში, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით არის მთლიანად ჩამოშლილი. საკმაოდ რთული იქნება ამის საღდგენა, თუ „ლოქდაუნი“ არ მოიხსნა და არ მოგვეცა მუშაობის უფლება.

როგორც ბატონმა პრემიერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, 4% არის ის მაჩვენებელი, რომლის ქვემოთაც შესაძლებლი უნდა იყოს, გაიხსნას ეკონომიკა და ქვეყანა ეტაპობრივად. ხაზს ვუსვამ, ეტაპობრივზე იყო საუბარი და არა მთლიანად გახსნაზე. არანაირად არ ჩანს, არსებობს თუ არა ის გეგმა, მაგალითად, მთის კურორტები რა რეგულაციებით უნდა გაიხსნას. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს არის უბრალოდ ფაქტებით მანიპულირება და როდესაც ეს რიცხვები მათ ხელშია, როცა უნდა აწევენ და დაწევენ. როდესაც ვითხოვთ დღეს გახსნას, ჩვენ აუცილებლად გვექნება შემდეგი მოთხოვნაც, რომ აღარ დაგვკეტონ. იმიტომ, რომ თუ ეს რიცხვები შეიცვლება (არის ამის რისკი, მოიმატოს ცოტათი) და ბიზნესები კიდევ დაკეტეს, ეს იქნება დამღუპველი სექტორისთვის და ეკონომიკისთვის. ნებისმიერი ბიზნესისთვის, რომელიც ოპერირებს, გახსნა-დახურვა არის დამატებით ინვესტიციებთან დაკავშრებული და ეს ფინანსური სესურსი საერთოდ აღარ გააჩნიათ. შესაბამისად, გახსნასთან ერთად ჩვენ მკაფიოდ მოვითხოვთ, რომ აღარ დაგვხურონ. იყოს რეგულაციები, რომელსაც დავემორჩილებით“,- განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ის რიტორიკა, რომ ბიზნესი მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ზრუნავს და არა ადამინების სიცოცხლეზე, არის იმ ერთიანი „მესიჯბოქსის“ ნაწილი, რომელიც მთავრობამ მათ წინააღმდეგ არგუმენტის სახით შეიმუშავა.

„დიდი იმედი მაქვს, რომ დღის ბოლომდე სხვა რესტორნებიც დაემატება საყოველთაო ბოიკოტს. ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგისთვის სხვა სექტორებსაც გადაედება ეს სოლიდარობა და ვანახებთ სახელმწიფოს, რომ თუ ჩვენ ვართ ის ხალხი, რომლებიც რეალურად რაღაცას ქმნის და აკეთებს ამ ქვეყანაში, უნდა გველაპარაკონ, რათა სწორი განვითრების გზაზე დავდგეთ.

რიცხვებით და ადამიანების სიცოცხლით მანიპულირება, რომ თითქოს ჩვენ არა ადამინების სიცოცხლეზე, არამედ მხოლოდ საკუთარ ბიზნესებზე და ჯიბეზე ვღელავთ, არის ის ერთიანი „მესიჯბოქსი“, რომელიც შეიმუშავა მთავრობამ იმისთვის, რომ დაგვიპირისპიროს საკუთარი არგუმენტები. მაგრამ ამას არგუმენტებსაც ვერ დავარქმევდი“, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.

ნინი ქეთელაური