გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის UNWTO-ს მონაცემებით, 2020 წელს მსოფლიო მოგზაურთა რაოდენობა 74%-ით შემცირდა, რაც მილიარდიანი კლებაა რაოდენობრივად.
ორგანოზაცია აღნიშნულის მიზეზად კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას ასახელებს. მათივე ინფორმაციით, ასევე შემცირდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც 1,3 ტრილიონი დოლარით, რაც 11-ჯერ მეტია 2009 წელს გლობალური ფინანსური კრიზისით გამოწვეულ დანაკარგთან შედარებით.
„ეს ყოველივე 2020 წელს ხდის ყველაზე ცუდ წლად საერთაშორისო ტურიზმისთვის მასზე დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში“, - ნათქვამია UNWTO-ს განცხადებაში.
ორგანიზაციის მონაცემებით, კრიზისმა არსებობის ზღვარზე დააყენა 100-დან 200 მილიონამდე სამუშაო ადგილი ტურიზმის სექტორში, უმეტესობა მათგანი კი მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის.
„მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა, კრიზისი შორსაა დასრულებისგან. ქვეყნების უმეტესობა ვირუსის მუტაციის გამო სულ უფრო ახალ შეზღუდვებს აწესებენ მოგზაურობებზე. ესაა აუცილებელი ტესტირება, კარანტინი, ზოგიერთ შემთხვევაში კი საზღვრების სრული დაკეტვა. ამასთან, სისტემატიურ ვაქცინირების პროცესს შეუძლია აღადგინოს მომხმარებლების ნდობა მისადმი და ამავდროულად ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდეს სიტუაციის ნორმალიზება“, - აცხადებენ UNWTO-ში.
UNWTO-ს მონაცემებით, პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, სადაც მოქმედებს უმკაცრესი შეზღუდვები გადაადგილებაზე. აქ ვიზიტორთა რაოდენობა შემცირებულია 300 მილიონით, ანუ 84%-ით. ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში კლება 74%-ია, ევროპაში კი 70%. ამასთან, აბსოლუტურ რაოდენობრივ გამოხატულებაში ევროპაში ყველაზე დიდია კლება, აქ 500 მილიონით ნაკლებია მოგზაურთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის რეგიონში კი კლება 69%-ს უდრის.