განათლების სამინისტრო 1-ელი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას კვლავ აძლევს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სამინისტრო 1-ელი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას კვლავ აძლევს.

მისივე თქმით, თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ.

"თუ მოსწავლის მშობელს რაიმე მიზეზის გამო აქვს დისტანციურ ფორმატში სწავლის გაგრძელების სურვილი, მათთვის შეთავაზებული იქნება სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესაძლებლობა. აღნიშნული მიდგომა შეეხება მხოლოდ შემდეგ ქალაქებში - ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთში და გორში მდებარე საჯარო სკოლებს. თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ. მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - WWW.ONLINE.EMIS.GE."- განაცხადა დგებუაძემ.

რაც შეეხება მასწავლებელთა ტესტირებას, მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე.

"სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე: რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას. აღნიშნული პროცესი სკოლებში უკვე დაწყებულია," - განაცხადა დგებუაძემ.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. რაც შეეხება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, აღნიშნული ქალაქების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლება დასწრებული ფორმით გაგრძელდება.