საქართველოს საბანკო ასოციაციის ორგანიზებით ვებინარი გაიმართა, რომლის მთავარ თემას 2020 წლის საბანკო სექტორის შეჯამება წარმოადგენდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს საბანკო ასოციაცია“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვებინარს მოდერაციას უწევდა საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე, ხოლო ექსპერტებად მოწვეულნი იყვნენ: გიორგი ხიშტოვანი - PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან კალანდაძე - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ისაკაძე - „ფორბსის“ რედაქტორი და მიხეილ ჭკუასელი - "გურიელის" დირექტორი.
,,ვებინარზე ექსპერტებმა 2020 წლის ლარის კურსის ცვლილებები შეაფასეს, განხილულ იქნა საბანკო სექტორის როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, გლობალური პანდემიის ფონზე საქართველოს საბანკო სექტორის მუშაობის სპეციფიკა და ადაპტაცია, 2020 წლის საპროცენტო განაკვეთების დინამიკა, სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის შეფასება იპოთეკურ დაკრედიტებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება და ა.შ.
ვებინარი, რომელსაც 200-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა, 2020 წლის შედეგების შეჯამებასა და ექსპერტების შეფასებას ისახავდა მიზნად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.