"ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშება Bmatch პლატფორმაზე დადებულ გარიგებებს დაეფუძნება"

2021 წლის 1-ლი თებერვლიდან, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებები მხოლოდ Bmatch პლატფორმაზე დადებულ გარიგებებს დაეფუძნება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის ცნობით, Bmatch პლატფორმა ბლუმბერგის სისტემაში 2020 წლის მარტიდან ამოქმედდა. განვლილი პერიოდის ანალიზმა ცხადყო, რომ პლატფორმაზე შექმნილია ვაჭრობის კონკურენტული გარემო.

"მნიშვნელოვანია, რომ გარიგებები არ ხასიათდება დიდი მერყეობებით და, რაც მთავარია, სრულად შეესაბამება გარიგების დადების დროს ბაზარზე არსებულ რეალობას.

Bmatch პლატფორმა რამდენიმე ძირითად პირობას ემყარება: გარიგებები იდება სტანდარტული პირობებით - ერთი და იგივე ანგარიშსწორების თარიღით და არსებობს გარიგების მინიმალური ოდენობა; გარიგება იდება ავტომატურად მყიდველისა და გამყიდველის კურსის თანხვედრის შემთხვევაში, რაც უზრუნველყოფს გარიგების დადებას კონკრეტულ მომენტში არსებული საუკეთესო კურსით; პლატფორმაზე განთავსებული ყიდვა-გაყიდვის განაცხადები ანონიმურია, მანამ სანამ პლატფორმის მიერ არ მოხდება გარიგების ავტომატური რეგისტრაცია; პლატფორმის მონაწილეები თავად განსაზღვრავენ მათთან გარიგებაში დაშვებულ კონტრაგენტებს და სავაჭრო ლიმიტებს. ახალი პლატფორმის უპირატესობებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებები მხოლოდ ბლუმბერგის სისტემის - Bmatch პლატფორმაზე დადებულ გარიგებებს დაეფუძნოს.

„სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესის" მიხედვით, 2009 წლიდან კურსის გაანგარიშებაში ბლუმბერგის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში განხორციელებული გარიგებები გაითვალისწინება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.