რატომ იწარმოება ქვეყანაში უფრო მეტი კვერცხი, ვიდრე ქათმის ხორცი

საქართველოში ქათმის ხორცის და კვერხის წარმოებას შორის დიდი დისბალანსია. კერძოდ, თუ 2019 წელს ქათმის ხორცით თვითუზრუნველყოფა 31%-ს შეადგენდა, კვერცხის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 91% იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ქათმის ხორცის 69% იმპორტირებულია, ხოლო კვერცის მხოლოდ 9%.

თუმცა აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში კვერცხით თვითუზრუნველყოფა მცირდება. საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მაღალი შიდა წარმოება 2015 წელს იყო, 102%, მას შემდეგ კი სულ უფრო იკლებს. რაც შეეხება ქათმის წარმოებას, ყველაზე მცირე თვითუზრუნველყოფა 2013 წელს იყო - 18%, ხოლო, ყველაზე მაღალი 2016 წელს - 35%.

მეფრინველეობის ასოციაციის თავმჯდომარე ზურა უჩუმბეგაშვილი ამბობს, რომ ამის მიზეზი კვერცხის წარმოების განვითარების შედარებით ადრე დაწყებაა. ქათმის ხორცის შემთხვევაში კი წლების განმავლობაში ძირითადად მხოლოდ ერთი კომპანია ვითარდებოდა.

რაც შეეხება კვერცხის წარმოების შემცირებას, მისი თქმით , ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: „საქართველოში კვერცხის წარმოების განვითარება დაიწყო უფრო ადრე. ჩვენ კვერცხით თვითუზრუნველყოფა კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებელზე გვქონდა, ახლა კიდევ მცირდება. ამას რაც იწვევს, ყველამ კარგად იცის, მარცვეულის ფასები, ენერგომატარებლებზე ფასები, საზღვრის დაუცველობა, გვჭირდება-არ გვჭირდება საზღვარი მაინც გახსნილია და შემოდის მეზობელი ქვეყნებიდან იაფი კვერცხი. თორემ რეალურად, ჩვენი სიმძლავრეებიდან გამომოდინარე, წლების განმავლობაში სრულად ვახდენდით თვითუზრუნველყოფას და საერთოდ არ გვჭირდებოდა იმპორტი.

რაც შეეხება ქათამს, შედარებით გვიან დაიწყო წარმოება. ძირითადად ვითარდებოდა მხოლოდ ერთი საწარმო. ახლა უკვე ახალი საწარმო გაკეთდა, ძველებსაც სიმძლავრეები დაემატაათ და ალბათ, კიდევ გაიზრდება თვითუზრუნველყოფა. თუ 2019 წელს 31% იყო, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო აიწევდა, ახლა ალბათ, 40%-ზე მაინც ვიქნებით ასული“,- ამბობს ზურა უჩუმბეგაშვილი.

ნინი ქეთელაური