როგორ შეიცვალა ზამთრის კურორტებზე უძრავი ქონების საინვესტიციო მიმზიდველობა

ინტერესმა იკლო, მათ კი ვისაც ფართი უკვე შეძენილი აქვთ, უჭირთ ვალდებულებების გამკლავება - ამის შესახებ დეველოპერული კომპანია ,,რედკოს“ გენერალურმა დირექტორმა რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა.

მალხაზ კუნელაურის თქმით, ვითარებას ამძაფრებს ისიც, რომ გუდაური ორი წელიწადია ფაქტობრივ ლოქდაუნშია.

,, ქვეყანაში პანდემიის დაწყებამდე მუდმივად მზარდი დინამიკა იყო ტურისტული კუთხით და შესაბამისად, აქედან მიღებული შემოსავლებიც იზრდებოდა. დიდი ნაწილი ინახავდა ამ შემოსავლით ოჯახს, ბევრმა გადაწყვიტა რეზიდენციის და სხვადასხვა კომერციული ფართის შეძენა, რადგან ეს იყო საინტერესო ბიზნესი. დღეს ეს ტენდენცია შეიცვალა.

მთავრობასთან შეხვედრაზე ჩემი წინადადება იყო ასეთი, რომ ტურიზმი ბიზნესია და უამრავ ვალდებულებასთანაა კავშირში. ამიტომ თუ არ გავხსნით, მიეცით ამ ვითარებას ფორმაჟორის სტატუსი, თუ საგანგებოს არ აცხადებთ-თქო. ამაზე პასუხია - რომ ეს ქვეყნისთვის პრობლემა გახდება. არადა სწორედ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს შეძენილი ფართები ჩვენს კომპლექსებში, აქვთ ვალდებულებები. ჩვენ დიდი კომპანია ვართ და ჩვენც გვიჭირს ვალდებულებების გამკლავება, მით უფრო უჭირთ მათ, ვისაც ერთი ნომერი აქვთ შეძენილი ბანკის კრედიტით. გადასახდელი აქვთ მართვის და სარგებლობის ხარჯი, რომელსაც ვერ იხდიან, რადგან ვერ მუშაობენ.

ამ მდგომარეობაზე პანდემია ბუნებრივია აისახა უარყოფითად, თუმცა იქამდეც იყო დიდი პრობლემები. მაგალითად, გასულ წელს გუდაური მთელი სეზონი დარჩა უწყლოდ. გამოდის, ორ წელზე მეტია გუდაური ლოქდაუნშია. ტურიზმი უმძიმეს მდგომარეობაშია და აქედან გამომდინარე, მოსახლეობისთვის ტურისტულ ადგილებში უძრავი ქონებაც აღარ არის საინტერსო. ამას გვაჩვენებს რიცხვებიც“-თქვა კუნელაურმა.

შეგახსენებთ, საკოორნიდანიო საბჭოს გადაწყვეტილებით სამთო კურორტების გახსნა პირველ მარტამდე გადაიდო.

თამარ მუკბანიანი