კომპანია Glovo, პარტნიორი კურიერების პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ტექნოლოგიური კომპანია „Glovo“, პარტნიორი კურიერების პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, პროტესტში მონაწილე პარტნიორი კურიერებისგან კონკრეტულ მოთხოვნებს ელოდებიან, რომ მათთან ყველა დეტალზე საუბარი და კონსტრუქციული გამოსავლის პოვნა შეძლონ.

„ვაცნობიერებთ, რომ ახლა ყველასთვის საკმაოდ რთული პერიოდი დგას. ვცდილობთ, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა შექმნილი მდგომარეობის ნაწილობრივ მაინც შემსუბუქებისკენ მივმართოთ, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს დავუჭიროთ მხარი და გავითვალისწინოთ როგორც გლოვერების, ისე „Glovo“-ზე განთავსებული ობიექტებისა და მომხმარებლების მდგომარეობა.

მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს პარტნიორ კურიერებთან, ვაცნობთ მათ ინფორმაციას ცვლილებებისა და საბონუსე სისტემების შესახებ. კურიერების ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული თანხით ყველა დასრულებული შეკვეთიდან და ბონუსით, რომელიც შეკვეთების რაოდენობასა და სამუშაო საათებზეა დამოკიდებული. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მომხმარებელმა ნებისმიერი შეკვეთა საათზე ნაკლებ დროში მიიღოს, შესაბამისად, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ვზრდით კურიერების რაოდენობასაც და ვახდენთ საბონუსე სისტემის ადაპტირებას, რაც სტანდარტული პროცესია და დრო სჭირდება. გლოვერები, რომლებიც Covid19-ის გავრცელების პერიოდში ნამდვილ სუპერგმირებად იქცნენ ჩვეულებრივი მოსახლეობისთვის, „Glovo“-ს მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნები.

პროტესტში მონაწილე პარტნიორი კურიერებისგან ველოდებით კონკრეტულ მოთხოვნებს, რომ შევძლოთ მათთან ყველა დეტალზე საუბარი და კონსტრუქციული გამოსავლის პოვნა. ჩვენთვის მიუღებელია, რომ შექმნილი სიტუაციის გამო დაზარალდეს მომხმარებელი და მით უფრო, სარესტორნო ბიზნესი, რომელიც პანდემიის გამო ისედაც მძიმე მდგომარეობაშია“, - ნათქვამია Glovo-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, კომპანია "გლოვოს" კურიერები გაიფიცნენ. მათ სპორტის სასახლესთან აქცია გამართეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "გლოვოს" ერთ-ერთმა კურიერმა განუცხადა, მათი მოთხოვნაა დაუბრუნდეთ ის ანაზღაურება, რაც აქამდე ჰქონდათ. მისი თქმით, არ აქვთ პასუხი, თუ რის გამო შეუმცირდათ ხელფასები.