"ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 761 შემთხვევაში ბენეფიციარებზე გაიცა მედიკამენტები, რომელთაც  ვარგისიანობის ვადა ეწურებოდათ"

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 761 შემთხვევაში ბენეფიციარებზე გაიცა მედიკამენტები, რომელთაც ვარგისიანობის ვადა ეწურებოდათ. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტი. ანგარიშის თანახმად, რიგ შემთხვევებში სოციალური მომსახურების სააგენტოში დანერგილმა კონტროლის მექანიზმმა ვერ უზრუნველყო მედიკამენტების ვადების ეფექტიანი კონტროლი. შედეგად, ბენეფიციარებმა მიიღეს მედიკამენტები, რომლებსაც მოხმარების პერიოდში გაუვიდათ ვარგისიანობის ვადა.

აუდიტის სამსახური პროგრამის ფარგლებში საჭიროების განსაზღვრისა და პროგრამაზე ხელმისაწვდომობის ნაკლოვანებებზე მიუთითებს.

„პროგრამის ამოქმედებისას სამინისტროს მიერ განხორციელებული საკომუნიკაციო აქტივობები ნაკლებად იყო კონცენტრირებული სამიზნე ჯგუფების მოზიდვისკენ და არ იყო ეფექტიანი საშუალება ბენეფიციართა ინფორმირებულობისა და პროგრამაში ჩართვისთვის. შედეგად, დაბალი იყო მედიკამენტებზე მიმართვიანობა და პროგრამის ფაქტობრივ მოსარგებლეთა რაოდენობამ პოტენციურ ბენეფიციართა მხოლოდ 9% შეადგინა. შესასყიდი მედიკამენტების მოცულობის განსაზღვრისას არ იყო გათვალისწინებული ბენეფიციართა დაბალი მიმართვიანობა და შეძენილი მედიკამენტების რაოდენობა მაღალი იყო მის ხარჯვასთან შედარებით. აღნიშნულმა გამოიწვია არაოპტიმალური მარაგების შექმნა და გაზარდა საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკი“,-აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ რიგ შემთხვევებში ბენეფიციარებზე მედიკამენტის გაცემისას ჩამოყალიბებულია არაეფექტიანი კონტროლის მექანიზმი. შედეგად, გაცემული მედიკამენტების კომბინაცია და დოზები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.

აუდიტის სამსახური შიდა კონტროლის სისუსტეზე მიუთითებს. კერძოდ ანგარიშის თანახმად, შემუშავებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს ხარჯვის პროცესში მედიკამენტების ვარგისიანობის ვადის ეფექტიან კონტროლს. შედეგად, პირველ ჯერზე იხარჯება მედიკამენტები, რომელთაც აქვთ ვარგისიანობის ხანგრძლივი მოხმარების ვადები, ხოლო შემდეგ - მედიკამენტები, რომელთა დარჩენილი ვარგისიანობის ვადა მცირეა. ამასთან, დანერგილი კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს უფლებამოსილებების გამიჯვნას. შედეგად, ერთი და იგივე პირები პასუხისმგებელნი არიან როგორც საქონლის მიღებაზე, ასევე მათი არსებობის კონტროლზე.