ნამახვანის ჰესების კასკადის განმახორციელებელი კომპანია ENKA საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ნამახვანის ჰესების კასკადის განმახორციელებელი კომპანია ENKA საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პროექტის განხორციელებისთვის ხელის შეშლა მიუღებელია, რადგან ეს დაკავშირებულია სოლიდურ მატერიალურ ზიანთან, ასევე ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის მიმართ ნდობის დაკარგვის რისკთან და სამომავლო იურიდიულ გართულებებთან. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ სათანადო უწყებებს კანონით გათვალისწინებული მხარდაჭერის მისაღებად უკვე მიმართეს.

„კომპანიის ინფორმაციით, ENKA საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ნამახვანჰესის სახით საქართველოში 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას ახორციელებს. პროექტი საქართველოს ენერგეტიკული სექტორისთვის საკვანძო პროექტს წარმოადგენს.

კომპანიას, ქვემო ნამახვანი ჰესთან მიმართებით, არსებული ეტაპისთვის ყველა საჭირო ნებართვა გააჩნია, რომელიც გაცემულია შესაბამისი უწყებების მიერ, წარდგენილი კვლევების, საჯარო განხილვებისა და ყველა საჭირო დუკუმენტის საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური შესწავლის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით და სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს, ასევე “მაღალი კაშხლების საერთაშორისო კომიტეტის” ნორმებსა და სტანდარტებთან.

კომპანია ENKA-მ პროექტის დაწყებისთანავე არაერთხელ ჩაატარა შეხვედრები ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისა და მათი პოზიციის გათვალისწინების მიზნით. ასევე, მუდმივად გამოხატავდა მზაობას ნეგატიურად განწყობილ ჯგუფებთან კონსტრუქციული დიალოგისთვის, რომელიც სამწუხაროდ, მათივე რადიკალური პოზიციის გამო, არ შედგა. ეს პოზიცია კიდევ ერთხელ დაფიქსირდა გასული დღეების შეხვედრებისას, სადაც ნათლად გამოიკვეთა, რომ ყოველგვარი კითხვები და აპელირებები უცნობი ექსპერტების მოსაზრებებზე მხოლოდ და მხოლოდ პროექტის შეფერხებისა და გაჩერების საბაბს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, კომპანია კვლავ რჩება ერთგული თავისი პოზიციისა და განცხადებისა, რომ მზადაა ჩაერთოს ნებისმიერ კონსტრუქციულ დიალოგში და მოისმინოს ნებისმიერი შენიშვნა წარდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით.

კომპანიის აღნიშნული მზაობის მიუხედავად, საკითხის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობისა და გონივრული ვადით შეჩერების შემდეგაც კი, ENKA-მ დღემდე ვერ შეძლო საქმიანობის განახლება. შედეგად, კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე კვლავაც განთავსებულია მოწინააღმდეგეთა კარვები და სხვადასხვა აქტივისტები აქტიურად ცდილობენ კომპანიის დისკრედიტაციას და პროცესის განახლების ხელშეშლას.

კომპანიას, საინვესტიციო ვალდებულების ფარგლებში აღებული აქვს პასუხისმგებლობა როგორც პროექტის წარმატებით განხორციელებაზე, ასევე 1600 -მდე საქართველოს მოქალაქის დასაქმებასა და სხვადასხვა სოციალურ პროექტებზე. ინვესტორი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება აღებულ ვალდებულებებს და დღემდე პირნათლად აქვს შესრულებული თითოეული მათგანი. სახელმწიფოს კი, თავის მხრივ ეკისრება პასუხისმგებლობა პროექტის დათქმულ ვადებში განხორციელების მიზნით, უზრუნველყოს ინვესტორის უფლებების დაცვა.

შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ სათანადო უწყებებს კანონით გათვალისწინებული მხარდაჭერის მიღებისთვის და მივესალმებით მათი მხრიდან დაკისრებული მოვალეობის შესრულების ფაქტს“,-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.