ორ დღეში, 1-ლი თებერვლიდან ქვეყანაში რიგი შეზღუდვები მოიხსნება. ეკონომიკის გახსნის გეგმა საკოორდინაციო საბჭომ დაახლოებით 1 კვირის წინ გამოაცხადა. 1-ლი თებერვლიდან დაგეგმილია შემდეგი შეზღუდვების მოხსნა:
- 1 თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება - მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა;
- 1-ლი თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები;
- 1-ელი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება სავაჭრო ობიექტებში საახალწლო დღეებში გაყიდული საქონლის გადაცვლა, რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო.
- 1-ლი თებერვლიდან აჭარაში დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება;
- 1-ელი თებერვლიდან, შსს-ს მომსახურების სააგენტო შეჩერებული სერვისების ეტაპობრივ განახლებას იწყებს. 1-ლი თებერვლიდან ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან, განბაჟებასთან, რეექსპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურები. პირველი თებერვლიდან, მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას შეძლებენ ის პირები, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს თეორიული გამოცდა. სრულად აღდგება იარაღის რეგისტრაცია იმ პირთათვის, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს შესაბამისი ნებართვის გამოცდა, ან არ საჭიროებს გამოცდის ჩაბარებას.
- 1-ლი თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.
- 1-ელი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ. თუ მოსწავლის მშობელს რაიმე მიზეზის გამო აქვს დისტანციურ ფორმატში სწავლის გაგრძელების სურვილი, მათთვის შეთავაზებული იქნება სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესაძლებლობა. აღნიშნული მიდგომა შეეხება მხოლოდ შემდეგ ქალაქებში - ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთში და გორში მდებარე საჯარო სკოლებს. მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - WWW.ONLINE.EMIS.GE.
- 1-ელი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდება. შედეგად, დაახლოებით 350 საწოლი დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმში მუშაობას.
- 1-ელი თებერვლიდან, საქართველოში რეგულარული ფრენები აღდგება;
- 1-ლი თებერვლიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნის უფლება აღდგება.