ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტზე კონტროლის დაწესების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ "ვაქცინის ნაციონალიზმმა", შესაძლოა, პანდემია გაახანგრძლივოს.
“ეს პანდემიის გახანგრძლივებას და ეკონომიკური აღდგენის შენელებას გამოიწვევს,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
ამასთან, ტედროს ადჰანომ გებრეისუსის თქმით, ვაქცინების გადაჭარბებული მარაგის დაგროვების ტენდენცია "კატასტროფული მორალური მარცხია", რამაც გლობალური უთანასწორობა შეიძლება კიდევ უფრო გააღრმავოს.
შეგახსენებთ, ევროკომისიამ მიიღო რეგულაცია, რომელიც ევროკავშირში წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტზე კონტროლის დაწესებას გულისხმობს. შეზღუდვა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანას, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოს, შეერთებულ შტატებს, კანადასა და ავსტრალიას შეეხება. ახალი რეგულაცია ძალაში მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე დარჩება.