1-ელი თებერვლიდან, აჭარის მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება

1-ელი თებერვლიდან, აჭარის მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სასწავლო პროცესის უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართვის მიზნით, განხორციელდა და გაგრძელდება სკოლების ყოველდღიური მონიტორინგი.

მათივე ცნობით, სკოლები აღიჭურვა ხელის სადეზინფექციო საშუალებებით, ზედაპირების დასუფთავების სპეციალური ხსნარებით, დეზობარიერებით და თერმოსკრინინგის აპარატებით.

„რეაბილიტირდა სკოლების სველი წერტილები. გარდა ამისა, სკოლების პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტესტირება COVID-19-ზე. ყველა სკოლამ გაიარა შრომის ინსპექციის შემოწმება და მიიღო დადებითი დასკვნა. მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტით. მოსწავლეების ტრანსპორტირებისას გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის რეკომენდაციები. აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი უწყვეტად ხორციელდებოდა. 2020 წელს სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ჯამში 10 მლნ ლარით დაფინანსდა, ხოლო 2021 წელს ეს თანხა 3 მლნ ლარით გაიზარდა და 13 მლნ ლარს შეადგენს. 2020 წელს აშენდა 1 და დაიწყო 8 სკოლის მშენებლობა. სხვადასხვა სახის მცირე სარემონტო სამუშაოები, მათ შორის სველი წერტილების რეაბილიტაცია, ჩატარდა თითქმის ყველა სკოლაში. 2021 წელს აჭარაში განხორციელდება 9 სკოლის და 4 სპორტდარბაზის სამშენებლო სამუშაოები, ხოლო 40 სკოლას ჩაუტარდება სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ასევე გაგრძელდება სკოლების აღჭურვა სხვადასხვა ინვენტარით“,-აღნიშნულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.