უკვე ერთ წელიწადზე მეტია, რაც იტალიის არაერთმა პატარა სოფელმა თუ ქალაქმა უჩვეულო პროექტი წამოიწყო - ისინი დასახლებების სრულიად დაცლისა და გაუკაცრიელების თავიდან ასაცილებლად ახალმოსახლეებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობენ.
მათი შეთავაზებები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა მიზანი ყველას ერთი აქვს. მათ სურთ იტალიის სამხრეთში შედარებით ღარიბი რეგიონების პატარა დასახლებები სრულიად არ დაიცალოს და ახალი სიცოცხლე დაიბრუნონ.
ერთ-ერთი ასეთი იტალიის სამხრეთში, კუნძულ სიცილიაზე მდებარე ისტორიული ქალაქი ტროინა. ის საუკუნეთა განმავლობაში სიცილიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქს წარმოადგენდა, დღეს კი დაცლის პირას იმყოფება.
ქალაქის მერმა სებასტიანო ფაბიო ვენეციამ ტროინას გადარჩენის მიზნით გადაწყვიტა ახალმოსახლეებისთვის განსაკუთრებული პირობები შეეთავაზებინა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე ტროინას ისტორიულ ცენტრში სულ რაღაც 1 ევროდ 30-ზე მეტს სახლს გაყიდიან.
სახლის სიმბოლურ ფასად შეძენის მსურველებმა უნდა დაასაბუთონ თუ რატომ სურთ სახლის შეძენა და როგორია მათი სამოქმედო გეგმა. ამის შემდეგ მერიაში კანდიდატებს განიხილავენ და საუკეთესოებს ამოარჩევენ.
აღსანიშნავია, რომ სახლის მომავალმა პატრონებმა დეპოზიტის სახით 5 000 ევრო უნდა წარადგინონ, რომელსაც სახლის რესტავრაციის შემდეგ უკან მიიღებენ.
ამას გარდა, მერის განცხადებით, ახალმოსახლეებს სახლის შეკეთებაშიც დაეხმარებიან და თითოეული მათგანი 15 000 ევრომდე მიიღებს. ახალმოსახლეებს სახლის შესაკეთებლად 3-წლიანი ვადა ექნებათ, რომლის შემდეგაც დეპოზიტს უკან დაიბრუნებენ და სახლის მფლობელობაზეც სრულ უფლებას მიიღებენ.
ქალაქის მერს იმედი აქვს, რომ ასეთი ხელსაყრელი შეთავაზების გამო სახლის შეძენის ბევრი მსურველი გამოჩნდება და დროთა განმავლობაში ქალაქი ძველ მნიშვნელობას დაიბრუნებს.