IKEA -მ შტატებში ეკოსისტემის შესანარჩუნებლად 4,5 ათასი ჰექტარი ტყე შეისყიდა

შვედურმა სავაჭრო ქსელმა IKEA აშშ-ის ჯორჯიას შტატში 4 450 ჰა ტყის მასივი შეიძინა, რათა შეინარჩუნოს უნიკალური ეკოსისტემა და არ დაუშვას იქ მშენებლობა და სამრეწველო რესურსების გამოყენება. CNN აზუსტებს, რომ IKEA-მ შეიძინა მიწა მდინარე ალტამახის აუზში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ბიზნესს პასუხისმგებლიანად უნდა მიუდგე და საჭიროა იმაზე მეტი ტყის აღდგენა, ვიდრე წარმოებისთვის მოხმარება.

IKEA-მ აღნიშნული ტერიტორია ეკოლოგიური ორგანიზაციისგან იყიდა. ამ ტერიტორიაზე ფლორისა და ფაუნის 350-ზე მეტი წარმომადგენელია. მათ შორის არის გადაშენების პირას მყოფი კუს ერთ-ერთი სახეობა და ჭაობის ფიჭვი. ჩრდილოეთ ამერიკაში ევროპელების გაჩენამდე აღნიშნული ფიჭვი გავრცელებული იყო 90 მილიონ აკრ ფართობზე ვირჯინიადან ფლორიდამდე, ჯორჯიაში კი ისინი დომინირებდნენ შტატის სამხრეთით. ახლა ამ ტყეების 4%-ზე ნაკლებია დარჩენილი.

შვედურ კომპანიაში აცხადებენ, რომ მხარს დაუჭერენ ადგილობრივ ხის გადამამუშავებელ მრეწველობას, მოსახლეობას კი თავისუფალი წვდომა ექნება ტყის ტერიტორიაზე.

ცნობისთვის, IKEA-მ 2014 წელს 248 072 ჰა ტყის მასივი შეიძინა შტატებში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და რუმინეთში.

კოკა კვირკველია