,,პანდემიის პერიოდში ბიზნესის შემოსავალი გავასამმაგეთ“ - ქართველი ბიზნესმენის წარმატებული ისტორია აშშ-ში

ამერიკაში 6 წლის წინ ჩავიდა, ბიზნესი მეგობართან ერთად სესხით დაიწყო.

დღეს კი მის მიერ დაფუძნებული WFT Logistics Inc-ი რამდენიმე ათეულ ტრაილერს ფლობს და წლიური ბრუნვა 2.4 მილიონი დოლარია. ეს ქართველი ბიზნესმენის ნიკო ფურცელაძის 6-წლიანი ემიგრაციის ისტორიაა აშშ-ში. თუმცა ამაზე გაჩერებას არ აპირებს და საქართველოს პოპულარიზაციისთვის გეგმები უკვე აქვს.

გადამზიდავი კომპანია WFT Logistics Inc-ის დამფუძნებელი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ ბიზნესის დასაწყებად აშშ-ში მთავარი კარგი საკრედიტო ისტორიაა. მისთვის მთავარი სირთულე კი ამ ისტორიის არარსებობა იყო.

,,აშშ-ში ჩამოსვლამდე 18 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოში. ფაქტობრივად, მთელი ჩემი ცხოვრება პირდაპირ კავშირშია ამ ქვეყანასთან. სახელმწიფო სამსახურში, ჩემი კარიერის დასრულების შემდეგ, წამოვედი ამერიკაში საცხოვრებლად ოჯახთან ერთად. მთავარი სურვილი იყო ბედის ცდა კერძო სექტორში, ჩემი გამოცდილების და უნარებისთვის, ეს იყო ახალი გამოწვევა და მინდოდა აქ მესინჯა ჩემი თავი.

wtfff-1612167157.jpg

6 წლის წინ დავიწყეთ ცხოვრება ტეხასის შტატ დალასში. ბუნებრივია, თავიდან ვიყავი ჩვეულებრივი ემიგრანტი. ბიზნესი, მეგობართან ერთად, სესხით დავიწყე. მინიმალური თანხა გვქონდა, რაც ლიცენზიების მისაღებად იყო საჭირო. პირველი წლები ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან არ გვქონდა საკრედიტო ისტორია, რომელიც აშშ-ში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა მაინც შევძელით ყველა სტანდარტის დაკმაყოფილება. სექტორი, სადაც ვსაქმიანობთ, ლოჯისტიკა, ადგილობრივი გადაზიდვებია“,- აცხადებს ფურცელაძე.

ბიზნესის დაწყებიდან 6 წლის შემდეგ, WFT Logistics Inc-ი ამ ეტაპზე რამდენიმე ათეულ ტრაილერს ფლობს და წლიური ბრუნვა 2.4 მილიონი დოლარია, თუმცა ნიკო ფურცელაძის თქმით, პანდემიის დროს ბიზნესის გადარჩენა სახელმწიფო შეღავათების გარეშე რთულად წარმოსადგენი იქნებოდა.

,,აქ (აშშ-ში) ძალიან ბევრი ბიზნესი უბრალოდ, გაკოტრდა პანდემიის დროს. რაც შეეხება, უშუალოდ ჩვენს ბიზნესს, შეიძლება ითქვას, რომ გავაკეთეთ სწორი გათვლები, რაშიც გამოცდილება დაგვეხმარა ფორსმაჟორში მუშაობის დროს. ამან გამოიწვია, ჩემი კომპანიის არა მხოლოდ გადარჩენა, განვითარებაც კი. პანდემიის პერიოდში 300%-ით გაიზარდა ჩემი კომპანიის ბრუნვაც და შემოსავალიც.

დახმარებების პაკეტი სახელმწიფოს მხრიდან იყო ძალიან დიდი და ჩვენ ის ჩავაბრუნეთ ბიზნესში, გამოვიყენეთ ტექნოლოგიების გასაზრდელად. ამ მიმართულებით მივმართეთ ჩვენი მთელი ენერგია და ფინანსები, რომ მოგვეხერხებინა და მთლიანად მოვრგებოდით ახალ ონლაინ რეალობას. შედეგმაც არ დააყოვნა - ჩვენ გავასამმაგეთ ბიზნესი.

სახელმწიფოს დახმარებების გარეშე აშშ-ში ბევრი საწარმოს და კომპანიის მუშაობა სრული კრახით დასრულდებოდა. სახელმწიფოს დახმარებით, ბანკებმა 3 თვით შეაჩერეს ყველანაირი გადასახადი, როგორც პროცენტი, ასევე ძირი თანხა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც იყო სექტორალური მიდგომა და ინდივიდუალური პაკეტები როგორც მოსახლეობის, ასევე ბიზნესისათვის“-აცხადებს ფურცელაძე.

მისი თქმით, სამომავლო გეგმებში აუცილებლად მოიაზრება საქართველო. ბიზნესმენი აშშ-შივე სატრანზიტო მძღოლების მოსასვენებელი არეის შექმნას და იქ, ქართული სამზარეულოს და პროდუქციის პოპულარიზაციას გეგმავს.

,,სამომავლო გეგმები ბიზნესს მომავალ 5 წელზე უკვე გაწერილი გვაქვს. გასულ 5 წელში დავდეთ 100%-იანი შედეგი. მომავალში აუცილებლად იგეგმება კომპანიის ზრდა და ახალი ოფისების გახსნა, რაც მიმდინარე პროცესია. ჩვენ ბუნებრივია, მუდმივად მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ქართულ კომპანიებთან, ვისაც აქვს კვეთა ჩვენს სფეროსთან. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შეგვიძლია ნებისმიერი სიმძიმის საქმის აწევა აშშ-ს ტერიტორიაზე.

სამომავლოდ გვაქვს რამდენიმე გეგმა, მათ შორის სატრანზიტო ტრაილერის მძღოლების მოსასვენებელი არეა სრული ინფრასტრუქტურით, სადაც ქართული სამზარეულოს და პროდუქციის პოპულარიზაციას შევეცდებით და გავზრდით მის ცნობადობას ამერიკაში. მაქვს შეგრძნება, რომ ამას გვავალდებულებს ჩვენი ფესვები“, - განაცხადა ნიკო ფურცელაძემ ,,ბიზნესპრენიუსთან“.

ცნობისთვის, WFT Logistics Inc- ი ტეხასში 2016 წელს დაარსდა და ამ დროისთვის 31 დასაქმებული ჰყავს, მათ შორის ქართველები. კომპანია Amazon-თან, Walmart-თან, JB Hunt-ი და სხვა, უდიდეს კომპანიებთან თანამშრომლობს. ბიზნესმენის თქმით კი მუდმივად მზადაა გუნდში ქართველების მისაღებად, რომლებიც სახელმწიფოებრივი აზროვნებით გამოირჩევიან.

თამარ მუკბანიანი