"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" განცხადებით, ეპიდვითარების გაუმჯობესება და გაუარესებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იმის კარგ წინაპირობას იძლევა, რომ გადაიხედოს ეკონომიკის გახსნის დაანონსებული გეგმა და ბაზრობის ტიპის სავაჭრო ობიექტებს თებერვლის პირველივე დღეებში მიეცეთ დადგენილი რეკომენდაციების დაცვით საქმიანობის განახლების საშუალება.
როგორც "საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში" აღნიშნავენ, გახსნის დაჩქარების გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ლილო მოლისთვის“, როგორც ბაზრობის ორგანიზატორი სუბიექტისა და საქართველოში ყველაზე დიდი ბაზრობის ტიპის სავაჭრო ცენტრისთვის, რომლის საქმიანობაც პირდაპირ და უშუალოდაა დაკავშირებული ათასობით მცირე მეწარმის ყოველდღიურ შემოსავალთან. შესაბამისად, ბაზრობაზე წარმოდგენილი მეწარმეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის გადამწყვეტია ოპერირების ყოველი დღე, რომელიც ხანგრძლივი შეზღუდვის შემდეგ ბიზნესის გამოცოცხლების შესაძლებლობას გააჩენს.
„უპირველესი, რაზეც ყველანი ვთანხმდებით, არის ის, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგების და მედიკოსების რეკომენდაციები ზედმიწევნით უნდა იქნას დაცული, იქნება ეს მომხმარებელთა ნაკადების მართვა და დასაქმებული მეწარმეების ტესტირება, ასევე პირბადის ტარებისა და დისტანცირების წესები. ვფიქრობთ, რომ ბიზნესი ამ წესების დაცვისათვის სათანადოდ მოემზადა და მაქსიმალურად გახსნილია მაკონტროლებელ ორგანოებთან სათანამშრომლოდ. ამ პირობების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ მოლებთან ერთად თებერვლის პირველი რიცხვებიდან ბაზრობებსაც უნდა მიეცეთ ფუნქციონირების შესაძლებლობა: ერთის მხრივ, ეს იქნება სამართლიანი მიდგომა, ხოლო მეორეს მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღდგენის პროცესს და ათასობით ჩვენს თანამემამულეს დაუბრუნებს საარსებო წყაროს. მესამე და მთავარი კი ისაა, რომ ეპიდემიის საწინააღმდეგო რეკომენდაციების დაცვის მკაცრი კონტროლი საშუალებას მისცემს საკოორდინაციო საბჭოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებს, რისკების დანახვისთანავე მკაცრი რეაგირება მოახდინოს ყოველ ცალკეულ დარღვევაზე, თუმცა ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ბიზნესი უკვე მზად არის ახალ რეალობაში საქმიანობის განახლებისთვის და ამის საჭიროება არ დადგება“, - აცხადებენ ბიზნეს ასოციაციაში.