ბაზარზე ნიგოზი და ნუში ვაკუუმ შეფუთვით გამოჩნდება - რას სთავაზობს კომპანია „ანიგოზი“ მცირე ფერმერებს

2021 წლის ზაფხულში კომპანია „ანიგოზი“ თბილისის მახლობლად კაკლისა და ნუშის გადასამუშავებელ საწარმოს ააშენებს. კომპანია ნედლეულად საკუთარი ბაღების გარდა, მცირე ფერმერებისგან შეძენილი პროდუქტის გამოყენებას გეგმავს. უკვე მზა მასალა (ლებნები) კი, ბაზარზე ვაკუუმ შეფუთვით გაიყიდება.

„ანიგოზი“ ახალგაზრდა კომპანიაა. ის ცოლ-ქმრის ანი ქევხიშვილისა და გოგი ბოლქვაძის საოჯახო ბიზნესია. მანამდე მათი საქმიანობა ფერადი ლითონების გადამუშავებას და ექსპორტს უკავშირდებოდა, სულ ახლახანს კი, კიდევ ერთი ბიზნესი წამოიწყეს.

„შევჩერდით კაკლის სახეობა „ჩინდლერზე“, რადგან მოგვწონდა როგორც გემო თვისებებით, ისე ცხიმის შემცველობითა და უსაფრთხოებით. 5 წლის წინ ეს სახეობა დავრგეთ თელავის რაიონში, 6 ჰექტარზე და ვისწავლეთ მისი სწორად მოვლა. გასულ შემოდგომას კი, პირველი მოსავალი მივიღეთ, რომლის ხარისხითაც კმაყოფილები ვართ. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, კაკლის გადამუშავებაც დავიწყოთ, რაც საქართველოსთვის შედარებით ახალი მიმართულებაა“,- განუცხადა East fruit-ს ანა ქევხიშვილმა.

ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ბიზნეს-პროექტს მხარი დაუჭირა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ და თანადაფინანსების პროგრამაში მოხვდა. პროექტი გულისხმობს, კაკლისა და ნუშის გადამუშავებას, რეცხვას, გაშრობას, დახარისხებას და ვაკუუმ შეფუთვას.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 3 მლნ ლარია.

ამ დროისთვის ქარხნის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, რომელიც საფრანგეთში წარმოებული თანმედროვე, ენერგოეფექტური ტექნიკით აღიჭურვება.

ანა ქევხიშვილის ინფორმაციით, კომპანიის უპირველესი მიზანია, ადგილობრივი ბაზრის მომარაგება და იმპორტის ჩანაცვლება, შემდეგ კი, „ანიგოზი“ექსპორტზეც იფიქრებს.

კომპანიამ მცირე ფერმერებთან (ქართლში, კახეთსა და აჭარაში) გრძელვადიან თანაშრომლობაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. ანა ქევხიშვილის თქმით, „ანიგოზი“ ფერმერებს საკუთრი აგრონომების მომსახურებასაც სთავაზობს.

”არიან ფერმერები, რომლებსაც ბაღები 0,5-1 ჰექტარზე ( ან თუნდაც, 5 ჰექტარზე) აქვთ გაშენებული. მათთვის ძვირია აგრონომის დაქირავება. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ მათ, მიიღონ ხარისხიანი პროდუქტი, რომელსაც შემდეგ ჩვენვე შევიძენთ. ჩვენს აგრონომებს მათთან კონტაქტი ექნებათ მთელი წლის განმავლობაში ”- განმარტა“ ანიგოზის ”დირექტორმა.

ანა ქევხიშვილის თქმით, ნედლეულის შეძენისას, მთავარი განმსაზღვრელი მოსავლის ხარისიხი იქნება და არა მისი მრავალფეროვნება.

„ჩვენი წარმოების მოცულობა წელიწადში 400 ტონა ნედლეული იქნება. პირველ წელს ვგეგმავთ 150 ტონა კაკლის გადამუშავებას, შემდეგ გავზრდით კაკლის წარმოებას და დავამატებთ ნუშს”, - ამბობს ანა ქევხიშვილი.

ნინი ქეთელაური